კანადის ორმა უმსხვილესმა სარკინიგზო კომპანიამ თანამშრომლების გაფიცვის გამო მუშაობა შეაჩერა
კანადის ორმა უმსხვილესმა სარკინიგზო კომპანიამ თანამშრომლების გაფიცვის გამო მუშაობა შეაჩერა. მასშტაბური 72-საათიანი გაფიცვა საფრთხეს უქმნის მიწოდების ჯაჭვებს მთელ ჩრდილოეთ ამერიკაში. რკინიგზის მუშაობის შეჩერებამ, შესაძლოა, მილიარდობით დოლარის ეკონომიკური ზარალი გამოიწვიოს.
გაფიცულები არიან Canadian National Railway-სა და Canadian Pacific Kansas City-ის თანამშრომლები. აღნიშნული კომპანიები კანადის სარკინიგზო ქსელის 80%-ს ფარავენ.
რკინიგზამ მუშაობა მას შემდეგ შეაჩერა, რაც კომპანიებსა და პროფკავშირებს შორის მოლაპარაკებები ჩიხში შევიდა.
სარკინიგზო კომპანიების თანამშრომლები ხელფასების გაზრდასა და სამუშაო საათების შემცირებას ითხოვენ.
კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ განაცხადა, რომ რკინიგზის მუშაობის შეჩერება მთელ ქვეყანაზე აისახება.
„ეს არის ის, რაც მთელ ქვეყანაზე აისახება: დასაქმებულებიდან საწარმოებამდე, ფერმერებიდან მომხმარებლებამდე, რომლებიც დაზარალდებიან. ჩვენ ამას სერიოზულად ვუყურებთ. მინისტრი პირდაპირ არის ჩართული. ჩვენ ამას მსუბუქად არ ვუდგებით, რადგან მთელ ქვეყანაში კანადელებს აწუხებთ ეს. მალე ჩვენ მეტს ვიტყვით იმის შესახებ, თუ რას ვაკეთებთ, რათა ეკონომიკისთვის სწორი გადაწყვეტილება მალე მივიღოთ“, – განაცხადა ტრიუდომ.