კანადის ფედერალურმა მთავრობამ უცხოეთის აგენტების რეესტრის შექმნის მიზნით საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა
კანადის ფედერალურმა მთავრობამ უცხოეთის აგენტების რეესტრის შექმნის მიზნით საკანონმდებლო პაკეტი წარადგინა. როგორც კანადური გამოცემა „ნეშინელ პოსტი“ წერს, ინიციატივა ითვალისწინებს საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტის მიღებას, რომელიც მოიცავს ცვლილებებს კანადის სადაზვერვო სამსახურის შესახებ კანონსა და სისხლის სამართლის კოდექსში.
საკანონმდებლო ცვლილებების პაკეტი კანადის საზოგადოებრივი უსაფრთხოების მინისტრმა წარადგინა და უცხოური ჩარევის უკეთ კონტროლს ისახავს მიზნად. ხელისუფლებას ამ ამოცანის მისაღწევად „ახალი, თანამედროვე ინსტრუმენტები“ ექნება. კანადის მთავრობის ინიციატივის მიხედვით, ქვეყნის უსაფრთხოების სამსახურის შესახებ კანონში ცვლილებები უწყებას მისცემს უფლებას, ინფორმაცია, მთავრობის გარდა, სხვა პარტნიორებსაც გაუზიაროს.
რაც შეეხება „ინფორმაციის უსაფრთხოების შესახებ“ კანონში დაგეგმილ ცვლილებას, ის ითვალისწინებს ახალი ტიპის დანაშაულის განსაზღვრას, როგორიცაა შეცდომაში შემყვანი ქმედებები, რომლებიც ხორციელდება უცხოელი პირის დავალებითა და მიმართულია „კანადაში დემოკრატიული უფლებების განხორციელებაზე“ გავლენის მოხდენისკენ. მთავრობა ასევე გამოდის წინადადებით, რომ კანადის სისხლის სამართლის კოდექსში დანაშაულად განისაზღვროს ისეთი ქმედება, რომელიც დაკავშირებულია სასიცოცხლოდ მნიშვნელოვან ინფრასტრუქტურულ ობიექტებზე საბოტაჟის მოწყობასთან, თუმცა ცვლილებებში დაკონკრეტებულია, რომ ის არ ეხება ადვოკატირებას, პროტესტს ან განსხვავებული მოსაზრებების გავრცელებას.
პროექტი ასევე ითვალისწინებს უცხოური გავლენის გამჭვირვალობის და ანგარიშვალდებულებების აქტის მიღებას. ამ აქტის მიხედვით, დაინიშნება ახალი კომისარი, რომელიც ზედამხედველობას გაუწვეს იმ პირთა საჯაროდ ხელმისაწვდომ რეესტრს, რომლებიც აკმაყოფილებენ უცხოეთის აგენტის სტატუსისთვის საჭირო მოთხოვნებს. მთავრობის განმარტებით, გამონაკლისები იქნება დაშვებული იმ დიპლომატებისა და სამთავრობო მაღალჩინოსნების მიმართ, რომლებიც კანადაში ბიზნესთან დაკავშირებული მიზნებით იმყოფებიან და უცხოურ გავლენაში ღიად მონაწილეობენ.
ცნობისთვის, უცხოური გავლენის გამჭვირვალობის რეესტრის შექმნის პირობა კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრიუდომ ერთი წლის წინ დადო, როდესაც მედიამ გაავრცელა ინფორმაცია ჩინეთის მხრიდან კანადის საქმეებში ჩარევის მასშტაბური მცდელობის შესახებ. როგორც „ნეშინალ პოსტი“ წერს, ეს არ არის პირველი შემთხვევა კანადაში უცხო სახელმწიფოების მხრიდან პოლიტიკური ლობიზმის გამჭვირვალობის უზრუნველსაყოფად რეესტრის შექმნის მცდელობის. 2021 წელს ამ ინიციატივით კონსერვატორი დეპუტატი კენი ჩიუ გამოვიდა, თუმცა კანადაში მოქმედმა ჩინურენოვანმა მედიასაშუალებებმა გაავრცელეს ცრუ ინფორმაცია, რომ კანონპროექტი ჩინეთთან დაკავშირებულ ნებისმიერ პიროვნებასა და ჯგუფს აიძულებდა, უცხოეთის აგენტად დარეგისტრირებულიყო. ამის შემდეგ ჩიუს რასიზმსა და ჩინეთის საწინააღმდეგო განწყობების გაღვივებაში დასდეს ბრალი. საბოლოოდ, კენი ჩიუმ მომდევნო არჩევნების შემდეგ დეპუტატობა დაკარგა.
კანადის მთავრობის მიერ ინიცირებულ საკანონმდებლო ცვლილებათა პაკეტს კანადის თემთა პალატაში 8 მაისს უნდა უყარონ კენჭი.