კანადაში, ონტარიოს პროვინციაში მდებარე კროუფორდის ტბის ფსკერი დედამიწის უახლეს ისტორიას მკაფიო, ქრონოლოგიური თანმიმდევრობით ინახავს.
მის დანალექთა შრეების ისტორიაში ადამიანი დომინირებს; მასში დეტალურად, წლების მიხედვით არის აღწერილი ადგილობრივი იროკეზების საქმიანობა მე-13 საუკუნის ბოლოდან მე-15 საუკუნის ბოლომდე, ევროპელ კოლონისტთა მოსვლა და ამჟამინდელი ეპოქაც.
ამ მიზეზის გამო, ექსპერტთა ჯგუფი მიიჩნევს, რომ იუნესკო-ს მსოფლიო მემკვიდრეობის ძეგლთა სიაში შესული ეს ბიოსფერული ნაკრძალი არის ადგილი, რომელიც ასახავს ანთროპოცენის ეპოქის დასაწყისს.
მიუხედავად იმისა, რომ გეოლოგთა მიერ ჯერ ოფიციალურად არ არის მიღებული გეოლოგიური დროის ერთეულად, ანთროპოცენი განისაზღვრება იმ ფართომასშტაბიანი ცვლილებებით, რაც ჩვენმა სახეობამ მოახდინა პლანეტის ზედაპირზე.
2016 წელს, სამუშაო ჯგუფი, რომელსაც სტრატიგრაფიის საერთაშორისო კომისია ხელმძღვანელობდა, შეთანხმდა, რომ ადამიანთა ქცევამ პლანეტას იმდენად ღრმა „ჭრილობები“ დაამჩნია, რომ ისინი მომავალშიც აშკარად დარჩება.
დიდი ხანი გავა მას შემდეგ, რაც ჩვენი შენობები დაინგრევა და გზებს ველური ბუნება შთანთქავს, მაგრამ მაინც დარჩება გეოლოგიური მახასიათებლები, რადიოაქტიური იზოტოპები, ქიმიური კონცენტრაციები და დრამატული ცვლილებები ნამარხ ჩანაწერებში, რომლებიც ჩვენს არსებობაზე იღაღადებენ.
დებატების საგანია, არის თუ არა ასეთი ცვლილებები საკმარისი, რომ ისინი ახალი ეპოქის გარანტად ჩაითვალოს. და თუ ასეა, რომელი მათგანი აღნიშნავს ყველაზე მეტად ადამიანთა ხანის დასაწყისს?
მიუხედავად იმისა, რომ ათასობით წლის განმავლობაში ჰომო საპიენსმა ბუნებრივი გარემო დრამატულად შეცვალა ნადირობით, გადაწვითა თუ მშენებლობით, ალბათ სხვა ვერაფერი იქნება ისე მკაფიო და გამძლე, როგორც რადიოაქტიურ მასალათა თხელი გარსი, რომელიც მე-20 საუკუნის შუა წლებში გამოჩნდა.
„პლუტონიუმის არსებობა მკაფიო ნიშანია იმისა, როდის გახდა კაცობრიობა ასეთი დომინანტი ძალა, რომ მას უკვე შეუძლია პლანეტას გლობალური „თითის ანაბეჭდი“ დაამჩნიოს“, — ამბობს საუთჰემპტონის უნივერსიტეტის მკვლევარი და ანთროპოცენის სამუშაო ჯგუფის (AGW) წევრი ენდრიუ კანდი.
მისი განცხადებით, ბუნებაში პლუტონიუმი მხოლოდ მცირე რაოდენობით არის წარმოდგენილი. თუმცა, 1950-იანი წლების დასაწყისში, როდესაც წყალბადის პირველი ბომბის ტესტირება მოხდა, მსოფლიოს სხვადასხვა ადგილიდან აღებულ ნიადაგის ნიმუშებში პლუტონიუმის დონის უპრეცედენტო მატებას ვხედავთ. 1960-იანი წლებიდან, როდესაც ბირთვული ტესტირებები აიკრძალა, პლუტონიუმის დონე შემცირდა.
მარტივ საზომზე შეთანხმება, რომელიც დედამიწის ისტორიის თავებს შორის საზღვარს დაადგენს, უბრალოდ პირველი ნაბიჯია. იმისათვის, რათა ყველა მეცნიერი ერთ აზრზე იყოს, საჭიროა, რომ ეს საზომი დაკავშირებული იყოს ერთ კონკრეტულ ადგილზე დაკვირვებებთან.
ეს ადგილი სტრატოტიპური სექციისა და წერტილის გლობალური საზღვრის (GSSP), იგივე ოქროს მწვერვალის სახელით არის ცნობილი და ახდენს ეპოქებსა და მათ ეტაპებს შორის საზღვრების სტანდარტიზებას, იქნება ეს მაროკოში, უედ-არკეშის ქანების ფენების ფერის უეცარი ცვლილება თუ იტალიაში, ალანო-დი-პიავეს ნამარხების ძეგლზე ციცქნა ორგანიზმთა უეცარი გაქრობა.
გასული სამი წლის განმავლობაში, AGW ანთროპოცენის მრავალ პოტენციურ ოქროს მწვერვალთა ხარისხს აფასებდა; მკვლევრებს მუშაობა გლობალური პანდემიის პირობებში უწევდათ. თითოეული ძეგლიდან აგროვებდნენ მტკიცებულებებს. საბოლოოდ, სამუშაო ჯგუფმა არჩევანი მხოლოდ ერთზე შეაჩერა.
„კროუფორდის ტბა ძლიერ განსაკუთრებულია, რადგან წლების მიხედვით გვთავაზობს დედამიწის ისტორიაში ცვლილებების ხილვის საშუალებას, ამ პატარა ტბაზე ადამიანთა გავლენის ორ ცალკეულ პერიოდში“, — ამბობს AGW ჯგუფის წევრი, კანადის ბროკის უნივერსიტეტის მიკროპალეონტოლოგი ფრენსინ მაკკარტი.
იმის გამო, რომ საკმაოდ პატარა და ღრმაა, ტბის წყალი ერთმანეთში ადვილად ვერ ერევა. ახლომდებარე ქანებიდან მის წყალში კალციუმი და კარბონატი იხსნება და თბილ ამინდში მის ფსკერზე წარმოქმნიან კრისტალებს, ყოველი სეზონის შესაბამისად. ამ ფენებში მოხვედრილი ყვავილის მტვერი, ჭვარტლი და იზოტოპები ბოლო საუკუნეებში ადამიანთა საქმიანობას ასახავს.
„კროუფორდის ტბის ფსკერზე აღმოჩენილი დანალექები გვთავაზობს დახვეწილ ჩანაწერებს ბოლო ათასწლეულებში გარემოში მომხდარ ცვლილებათა შესახებ. კროუფორდის ტბას გამორჩეულ ადგილას აყენებს მისი უნარი, რომ ზუსტად ჩაიწეროს ყველა ეს ინფორმაცია გეოლოგიური არქივის სახით, რომელიც შეიძლება შეესაბამებოდეს ისტორიულ გლობალურ ცვლილებებს გარემოში“, — ამბობს ჯგუფის წევრი, ლონდონის საუნივერსიტეტო კოლეჯის დედამიწის მეცნიერი საიმონ ტერნერი.
იმისათვის, რათა ანთროპოცენის დაწყება ოფიციალურად გამოცხადდეს, კვლევის შედეგებმა მრავალი ეტაპი უნდა გაიაროს სხვადასხვა დონეზე.
თუ ასე მოხდა, კროუფორდის ტბის ღრმა, ცივი წყლები გახდება ის ადგილი, რომელიც ოფიციალურად განსაზღვრავს იმ მომენტს, როდესაც ადამიანებმა პლანეტა სამუდამოდ შეცვალეს.
მომზადებულია eurekalert.org-ისა და ScienceAlert-ის მიხედვით.