ბროილერის ქათამი დედამიწაზე ახალი ეპოქის დასაწყისის სიმბოლოა - ახალი კვლევა
ბროილერის ქათამი დედამიწაზე ახალი ეპოქის დასაწყისის სიმბოლოა - ახალი კვლევა

ბრიტანელ და სამხრეთ აფრიკელ მკვლევართა ჯგუფი მივიდა დასკვნამდე, რომ ბროილერის ქათამი დედამიწაზე ახალი ეპოქის — ანთროპოცენის დასაწყისის ყველაზე კარგი მტკიცებულებაა. ჟურნალ Royal Society Open Science-ში გამოქვეყნებულ კვლევაში ჯგუფი განმარტავს, რატომ აირჩიეს ქათამი ადამიანთა ბიოსფეროს კონფიგურაციის სიმბოლოდ.

მეცნიერთა აზრით, ჩვენ უკვე ახალ ეპოქაში ვცხოვრობთ, რომელსაც ანთროპოცენი უწოდეს — ხანა, რომელშიც პლანეტაზე დომინირებს ანთროპოგენური, ანუ ადამიანის ზემოქმედებით გამოწვეული ეფექტები.

ახალ კვლევაში მეცნიერები გვთავაზობენ, რომ ბროილერის ქათამი ჩვენ მიერ გამოწვეული ცვლილებების მთავარი მაგალითია.

როგორც ისინი შენიშნავენ, ბროილერის ქათამი ამჟამად დედამიწაზე ყველაზე გავრცელებული ხერხემლიანია (არა მხოლოდ ფრინველი). მათი რაოდენობა 23 მილიარდს აღწევს. შედარებისათვის, მეორე ყველაზე გავრცელებული ფრინველია წითელწინწკლებიანი ბეღურა, 1,5 მილიარდიანი პოპულაციით.

დედამიწაზე იმდენი ქათამია, რომ მათი სხეულის მასა ჯამში აღემატება ერთად აღებული ყველა სხვა ფრინველისას. აღსანიშნავია, რომ ისინი ყველგან საწყის ბუნებრივ მდგომარეობაში როდი არიან — თანამედროვე ბროილერს ბუნებაში გადარჩენა და გამრავლება არ შეუძლია. ის ისეა გამოყვანილი, რომ ჭამს შეუჩერებლად, რათა სულ რაღაც 5-9 კვირაში საკმაოდ დიდი გაიზარდოს. ზრდასთან ერთად, მისი ხორციანი ნაწილები ზომაში იმდენად იმატებს, რომ დატვირთვას ვეღარ უძლებს შინაგანი ორგანოები, რის გამოც ამ ქათმების უმეტესობა ზრდასრულობამდე ვერ აღწევს.

ბროილერის ქათმის ხორცს ადამიანები ჭამენ, ძვლებს კი ყრიან. ნაგავსაყრელებზე ხვდება მილიარდობით ძვალი, სადაც ისინი უჟანგბადო გარემოში იმარხება, რის გამოც, დროთა განმავლობაში ისინი განმარხდება, ქვად იქცევა.

მკვლევართა აზრით, თუკი ადამიანები გლობალურმა დათბობამ, ბირთვულმა ომმა ან პანდემიებმა გვიმსხვერპლა, ჩვენი შემდგომი დომინანტი სიცოცხლის ფორმა სავარაუდოდ გათხრის ჩვენს ნაგავსაყრელებს და იპოვის მტიცებულებებს, რომლებიც ბროილერის ქათმისადმი ჩვენი დიდი სიყვარულს შესახებ იღაღადებს.

მკვლევართა ჯგუფი შენიშნავს იმასაც, რომ დედამიწაზე ჩვენი არსებობის სიმბოლოდ ბროილერის ქათმის გამოცხადების იდეა შესაძლოა, არც ისე მომხიბვლელი ჩანდეს, მაგრამ ასე კარგად ამას სხვა ვერც ერთი გარემოება ვერ გამოხატავს. აღსანიშნავია ისიც, რომ ჩვენი არსებობის მტკიცებულებად პლანეტაზე ასევე დავტოვებთ პლასტიკისა და რადიაციის ნიშნებს.

მომზადებულია phys.org-ის მიხედვით.