კანადის დედაქალაქში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკებისას 100-მდე პირი დააკავეს
კანადის დედაქალაქ ოტავაში პოლიციასა და დემონსტრანტებს შორის შეტაკება მოხდა. დაკავებულია 100-მდე პირი. მომიტინგეები სამი კვირაა, კოვიდრეგულაციებს აპროტესტებდნენ.
პოლიციაში აცხადებენ, რომ მომიტინგეების დაშლის დროს არავინ დაშავებულა.
როგორც „ბიბისი“ წერს, საპროტესტო აქციის დაშლის ოპერაციის დაწყებამდე პოლიციამ დემონსტრანტებს წასვლისკენ მოუწოდა და გააფრთხილა, რომ ნებისმიერი, ვინც უკანონო აქციაზე დარჩება შესაძლოა, დააკავონ.
დემონსტრაციის დაშლის ოპერაციის ფარგლებში სამართალდამცველებმა ასევე პროტესტის ადგილიდან 21 ავტომობილი გაიყვანეს. ამ დროისთვის ქალაქის ცენტრში კიდევ რჩება მომიტინგეთა ჯგუფი.
ოტავას პოლიციის უფროსის მოვალეობის შემსრულებელი სტივ ბელი აცხადებს, რომ ოპერაცია გაგრძელდება.სამართალდამცველებმა კანადის დედაქალაქში დემონსტრაციის დაშლა მას შემდეგ დაიწყეს, რაც მთავრობამ ამისთვის საგანგებო აქტი აამოქმედა.
კანადაში საპროტესტო აქცია იანვრის ბოლოს დაიწყო, როდესაც სატვირთო მანქანების კოლონა გაემართა ოტავასკენ, რათა გაეპროტესტებინათ აშშ-კანადის საზღვრის გადასაკვეთად სავალდებულო კოვიდვაქცინაცია. მოგვიანებით, დემონსტრაციამ უფრო ფართო ხასიათი მიიღო და კოვიდრეგულაციების წინააღმდეგ მოძრაობაში გადაიზარდა სატვირთო მანქანების მძღოლებმა ოტავას ე.წ. წითელ ზონაში სხვადასხვა სახის კონსტრუქცია აღმართეს. თებერვლის დასაწყისში ოტავას მერმა დედაქალაქში საგანგებო მდგომარეობა გამოაცხადა.