კანადაში სიქების ლიდერის, ჰარდიფ სინგ ნიჯარის მკვლელობასთან კავშირის ბრალდებით სამი პირი დააკავეს
კანადაში სიქების ლიდერის, ჰარდიფ სინგ ნიჯარის მკვლელობასთან კავშირის გამო სამი პირი დააკავეს. ინფორმაციას ამის შესახებ „ბიბისი“ ავრცელებს.
სამივე ბრალდებული ინდოელია, რომლებიც კანადის ქალაქ ედმონტონში ცხოვრობდნენ.
გამომძიებლების თქმით, „ინდოეთთან თანამშრომლობა საკმაოდ რთული იყო“. მათივე სიტყვებით, ეჭვმიტანილთა სია, შესაძლოა, გაიზარდოს.
სიქების ლიდერი კანადაში 2023 წლის ივნისში ორმა შეიარაღებულმა პირმა საკუთარ მანქანაში მოკლა. ჰარდიფ სინგ ნიჯარი საცხოვრებლად კანადაში 1997 წელს გადავიდა, რის შემდეგაც კანადის მოქალაქეობა მიიღო.
ინდოეთის მთავრობამ ჰარდიფ სინგ ნიჯარი ხალისტანის დამოუკიდებლობის მოთხოვნის მხარდაჭერის გამო 2020 წელს ტერორისტად გამოაცხადა.
როგორც „ბიბისი“ წერს, ნიჯარის მოკვლის შემდეგ კანადასა და ინდოეთს შორის ურთიერთობა დაიძაბა, რადგან კანადის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ 2023 წლის სექტემბერში პარლამენტში გამოსვლისას განაცხადა, რომ არსებობდა სანდო მტკიცებულებები, რომლის თანახმადაც, სიქების ლიდერი ინდოეთის მთავრობის აგენტებმა მოკლეს. ტრუდოს ამ განცხადებას გამოეხმაურა ინდოეთის საგარეო საქმეთა მინისტრი, რომელმაც ბრალდება აბსურდულად და პოლიტიკურად მოტივირებულად შეაფასა.