კანადის პარლამენტმა ქვეყნის მთელ ტერიტორიაზე მარიხუანას ლეგალიზებას მხარი დაუჭირა. სენატში გამართული საბოლოო კენჭისყრისას კანონპროექტს 52-მა დეპუტატმა დაუჭირა მხარი, წინააღმდეგ კი 29-მა მისცა ხმა. ამგვარად, კანადა „დიდი შვიდეულის“ პირველი სახელმწიფო გახდა, სადაც რეკრეაციის მიზნით მარიხუანას მოხმარება ნაციონალური მასშტაბითაა ლეგალიზებული.
კანადის მოქალაქეებს მარიხუანას კანონიერად შეძენა და მოხმარება მიმდინარე წლის სექტემბრიდან შეეძლებათ.
კანადაში მარიხუანას შენახვა 1923 წელს აკრძალეს, თუმცა 2001 წელს მისი სამედიცინო მიზნებისთვის მოხმარება დასაშვებად ცნეს. ქვეყანაში ამ მცენარის მოყვანა ფედერალური ლიცენზიის მქონე მწარმოებლებს შეუძლიათ.
კანონის მიღების შემდეგ რეგიონულ ხელისუფლებას ეძლევა 12 თვემდე ვადა იმისთვის, რომ დადგინდეს მარიხუანის გაყიდვის წესები და პირობები.
ფედერალური კანონმდებლობით დადგენილია, რომ მარიხუანას შეძენის მსურველის ასაკი 18 წელზე მაღალი უნდა იყოს, თუმცა ზოგიერთ პროვინციაში ადგილობრივმა მთავრობებმა ეს ზღვარი 19 წლამდე ასწიეს.
რეგიონულ ხელისუფლებას ასევე ექნება უფლება, დამოუკიდებლად განსაზღვროს სხვა შეზღუდვებიც, მაგალითად, სად იქნება შესაძლებელი მარიხუანას მოხმარება.
კანონის მიხდვით, კვლავ აკრძალული იქნება 30 გრამზე მეტი მარიხუანას ქონა, სახლში მცენარის ოთხ ძირზე მეტის გაზრდა და მარიხუანას არალიცენზირებული მწარმოებლისგან შეძენა. კანონის დარღვევა მკაცრ სასჯელს ითვალისწინებს. კერძოდ, არასრულწლოვნისთვის მარიხუანას მიყიდვა 14 წლამდე თავისუფლების აღკვეთით ისჯება.
მსოფლიოს პირველი ქვეყანა, რომელმაც მარიხუანას წარმოება და გაყიდვა დააკანონა, 2013 წლის დეკემბერში ურუგვაი გახდა. რეკრეაციული მიზნებისთვის კანაფის მოხმარება ლეგალურია აშშ-ის რამდენიმე შტატშიც.