კანადაში რასიზმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ცრემლმდენი აირი გამოიყენა
კანადაში რასიზმის საწინააღმდეგო საპროტესტო აქციაზე პოლიციამ ცრემლმდენი აირი გამოიყენა. ინციდენტი მონრეალში მოხდა. დაკავებულია სულ მცირე ერთი ადამიანი.
როგორც ადგილობრივი მედია იუწყება, პოლიციამ სპეციალური საშუალებები მას შემდეგ გამოიყენა, რაც დემონსტრანტებმა საპროტესტო მარში დაგეგმილზე მეტხანს გააგრძელეს და ზოგიერთმა დემონსტრანტმა პოლიციის მისამართით სხვადასხვა საგანი ისროლა.
შეგახსენებთ, რომ უქმე დღეებში რასიზმის საწინააღმდეგო აქციები გაიმართა ოტავასა და ტორონტოშიც. კანადის დედაქალაქში გამართულ მსვლელობაში მონაწილეობა მიიღო ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრიუდომ.
პოლიციის მხრიდან ძალადობისა და რასიზმის საწინააღმდეგო აქციები მთელ მსოფლიოში მას შემდეგ იმართება, რაც 25 მაისს მინეაპოლისში პოლიციის მიერ ძალის გამოყენების დროს აფროამერიკელი ჯორჯ ფლოიდი გარდაიცვალა.