დღეიდან კანადაში მარიხუანას რეკრეაციული მიზნით გამოყენება ლეგალური გახდა. ქვეყნის მასშტაბით 100 მაღაზია გაიხსნა, სადაც მომხმარებელს მარიხუანას შეძენა შეეძლება.
კანადის მუნიციპალიტეტები და პროვინციები კანონის ძალაში შესვლის თარიღისთვის თვეების განმავლობაში ემზადებოდნენ.
17 ოქტომბერს ამოქმედებული კანონის თანახმად, კანადაში მცხოვრებ სრულწლოვნებს მარიხუანას, მისი ზეთისა და თესლების ლიცენზირებული მწარმოებლებისგან ყიდვა და მოხმარება შეეძლებათ. მოცულობის დასაშვები ზღვარი 30 გრამია. ამასთან, სახლის პირობებში მაქსიმუმ ოთხი ძირი მარიხუანას გაზრდაა დასაშვები, თუმცა წესების დარღვევის შემთხვევაში, დამნაშავეს საშუალოდ 14 წლიანი თავისუფლების აღკვეთა ემუქრება.
მარიხუანას მოხმარებასთან დაკავშირებით არსებული კანონის შემსუბუქებაზე კანადის პრემიერ-მინისტრი ჯერ კიდევ 2015 წელს, წინასაარჩევნო დაპირების ფარგლებში საუბრობდა. ლიბერალური პარტიის ლიდერი ამბობდა, რომ ნარკოტიკული ნივთიერების მიღებასთან დაკავშირებით არსებული ხისტი პოლიტიკა არაეფექტური იყო. მაგალითად კი სტატისტიკა მოჰყავდა, რომლის თანახმადაც, კანონის მიუხედავად, კანადაში მარიხუანას საკმაოდ დიდი რაოდენობით მოიხმარდნენ.
პრემიერ-მინისტრის განცხადებით, ახალი კანონის საშუალებით, მარიხუანა არასრულწლოვნების ხელში არ აღმოჩნდება და ნარკოვაჭრობის საშუალებით კრიმინალების გამდიდრებას ხელს შეუშლის.
ფედერალური ხელისუფლების ინფორმაციით, მარიხუანას რეკრეაციული მიზნით მოხმარების ლეგალიზების შემდეგ, მცენარის გაყიდვების შედეგად, წლიური შემოსავალი 400 მილიონი დოლარით გაიზრდება.
კანადაში მარიხუანას მოხმარება სამედიცინო მიზნით ლეგალური 2001 წელს გახდა. რაც შეეხება რეკრეაციული მიზნით მოხმარებას, ამ კუთხით ჩრდილოეთ ამერიკის სახელმწიფო მსოფლიოში მეორეა. ურუგვაიში მარიხუანას სიამოვნების მიზნით მოხმარება ლეგალური 2013 წელს გახდა.