კანადაში „კოვიდ-19“-ის ვაქცინის ტესტირება დალჰაუზის უნივერსიტეტში დაიწყება. კლინიკური ცდების დაწყების უფლება ქვეყნის ჯანდაცვის სამინისტრომ გასცა. ინფორმაციას „სიბისი“ ავრცელებს.
ქვეყნის პრემიერ-მინისტრმა, ჯასტინ ტრუდომ ამის შესახებ განცხადება საკუთარი ყოველდღიური მიმართვის დროს გააკეთა.
კლინიკური ცდების დალჰაუზის უნივერსიტეტში, კანადის ვაქცინოლოგიის ცენტრში ჩატარდება.
„კვლევა და განვითარება ბევრ დროს მოითხოვს და ეს სწორად უნდა გავაკეთოთ, მაგრამ ეს დამაიმედებელი სიახლეა“, – განაცხადა ტრუდომ.
ეროვნული კვლევის საბჭო მწარმოებლებთან უკვე თანამშრომლობს, რათა ვაქცინის წარმატების შემთხვევაში, მისი წარმოება ქვეყნის ფარგლებშივე მოხდეს.