კანადამ ჩინეთიდან ელექტრომანქანების იმპორტზე 100%-იანი ტარიფი დააწესა
კანადამ ჩინეთიდან ელექტრომანქანების იმპორტზე 100%-იანი ტარიფი დააწესა, ასევე გამოაცხადა 25%-იანი ტარიფი ჩინეთიდან ფოლადისა და ალუმინის იმპორტზე. ინფორმაციას ამის შესახებ „როიტერი“ ავრცელებს.
კანადის მთავრობის განცხადებით, გადასახადი ჩინეთიდან იმპორტირებულ ყველა ელექტრომობილზე გავრცელდება, მათ შორის „ტესლას“ მიერ წარმოებულ ავტომობილებზე. აღნიშნულის გამო კომპანიის აქციების ფასი 3,2%-ით შემცირდა. ტარიფი ძალაში პირველი ოქტომბრიდან შევა.
როგორც პრემიერ-მინისტრმა ჯასტინ ტრუდომ განაცხადა, კანადა ჩინეთის ჭარბი წარმოების გამიზნული, სახელმწიფოს მიერ მართული პოლიტიკის წინააღმდეგ მოქმედებს.
„ვფიქრობ, ჩვენ ყველამ ვიცით, რომ ჩინეთი არ თამაშობს სამართლიანი წესებით“, – აღნიშნა ტრუდომ.
კანადაში ჩინეთის საელჩომ ამ გადაწყვეტილებას „პროტექციონიზმი“ და „პოლიტიკური დომინანტობის აქტი“ უწოდა. დიპლომატიური მისიის თქმით, კანადა უგულებელყოფს ვაჭრობის მსოფლიო ორგანიზაციის წესებს. საელჩოს წარმომადგენლის განცხადებით, კანადის ქმედებები ძირს გამოუთხრის ორ ქვეყანას შორის ნორმალურ ეკონომიკურ და სავაჭრო თანამშრომლობას და დააზარალებს კანადელ მომხმარებლებსა და მეწარმეებს.
ცნობისთვის, მანამდე ჩინეთიდან ელექტრომობილების იმპორტზე ტარიფების დაწესების შესახებ აშშ-მა და ევროკავშირმა გამოაცხადეს.