კამპანია „ნუ მოჭრი-მორთე“ გრძელდება
კამპანია „ნუ მოჭრი-მორთე“ გრძელდება

ახალი წლის მოახლოებასთან დაკავშირებით, გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის სამინისტრო ქალაქ თბილისის მერიის მხარდაჭერით, , კამპანიას „ნუ მოჭრი – მორთე“ აგრძელებს. კამპანია ბუნებრივი ნაძვის ხის მოჭრის პრევენციას ითვალისწინებს.

ინიციატივა გარემოსდაცვითი ინფორმაციისა და განათლების ცენტრის დირექტორმა, თამარ ალადაშვილმა კერძო კომპანიების წარმომადგენლებს გააცნო და მათი ჩართულობის მნიშვნელობაზე ესაუბრა.

კამპანიის მონაწილეებს საშუალება აქვთ, შეარჩიონ სკვერები, ბაღები და პარკები თბილისში და საქართველოს რეგიონებში. ასევე ამოირჩიონ საცხოვრებელი სახლის, ან კომპანიების მიმდებარე ტერიტორიებზე მდებარე ნაძვის ხეები და თავად მორთონ ისინი.

საქართველოში გავრცელებული სახეობებიდან საახალწლოდ დეკორატიული დანიშნულებით გამოიყენება აღმოსავლეთის ნაძვი (Picea orientalis) და კავკასიური სოჭი (Abies nordmanniana), რომელთა ზრდაც 100-120 წელს და მეტ ხანსაც გრძელდება და 50 მეტრამდე სიმაღლეს აღწევს. როგორც ნაძვი ასევე სოჭიც 150-300 წელს ცოცხლობს.

გარემოსდაცვითი ზედამხედველობის დეპარტამენტი წინასაახალწლოდ, წიწვოვანი ხეების უკანონოდ მოპოვებისა და რეალიზაციის ფაქტების პრევენციის მიზნით, გააძლიერებს კონტროლს სახელმწიფო ტყის ფონდის, დაცული ტერიტორიების, თვითმმართველი ერთეულის ხე-მცენარეების მოპოვების, ტრანსპორტირებისა და მათი რეალიზაციის ფაქტებზე.

გამოვლენილ დარღვევებზე გატარდება შესაბამისი პასუხისმგებლობის ზომები.