ვასილ მაღლაფერიძე - ადამიანის სიძულვილი არ არის ლიბერალიზმი და ფარისევლობა არ არის ქრისტიანობა
ვასილ მაღლაფერიძე - ადამიანის სიძულვილი არ არის ლიბერალიზმი და ფარისევლობა არ არის ქრისტიანობა

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი ვასილ მაღლაფერიძე საქართველოს პირველი არხის წინააღმდეგ მიმართულ კამპანიას სოციალურ ქსელში გამოეხმაურა.

როგორც ის აღნიშნავს, ბოლო ერთ კვირაში საქართველოს პირველი არხის წინააღმდეგ მიმართული განცხადებები შესაძლოა, გამოხატვის თავისუფლების ფარგლებში ჯდებოდეს, თუმცა ვან გოგის „მზესუმზირებსაც“ არ ჰგავს.

„სულ რაღაც ერთ კვირაში, საქართველოს პირველი არხის თანამშრომლები ჯერ კრემლის აგენტებად შეგვრაცხეს, მერე – ამერიკის და მასონების! პრემიად ქრისტიანობის, სამშობლოს და გალაქტიკის მტრობაც შეგვეტენა.

ეს ამბავი გამოხატვის თავისუფლებაში შეიძლება კი ჯდება, მაგრამ მთლად ვან გოგის „მზესუმზირებსაც“ არ ჰგავს!

ერთი ჯგუფი თავისუფლების(!) სახელით ლაპარაკს და აზროვნებას გვიკრძალავს, მეორე – ქრისტიანობის(!) სახელით ჯვარზე გაკვრით გვემუქრება!

წესით, პირველები ვოლტერს უნდა აღიარებდნენ წინამორბედად, ხოლო მეორეები მეორე ლოყის შეშვერას უნდა გვასწავლიდნენ, თუმცა, პირველები გილიოტინას გვპირდებიან, მეორეები კი – ინკვიზიციის კოცონს! არადა ვოლტერმაც და ქრისტემაც აშკარად სხვა რამ თქვეს“, – აღნიშნავს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის შეფასებით, აღნიშნული ორი ჯგუფი ერთმანეთს ბრალდებებში ტოლს არ უდებს, თანაც ისეთ ბრალდებებში, „თავის დროზე ციმბირს რომ უკან დაგატოვებინებდა“.

„ერთი კრემლის აგენტობას გვაბრალებს, მეორე – ამერიკისას! სხვა წვრილ-მსხვილი შეურაცხყოფები მათ სინდისზე იყოს“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.

ამასთან, მისი თქმით, შესაძლოა, ეს დღეს სასაცილოდ ჩანს, თუმცა, ცალკეულ ადამიანები ისევ „კომსომოლური” შემართებით წერენ „დანოსებს“ და ხალხის მტრის იარლიყებს არიგებენ.

„კი ბატონო, ეს თვითგამოცხადებული სისულელეები დღეს შეიძლება, სასაცილოდ ჩანს, რადგან „დანოსებს” ძველებური ჭრა და გასავალი არა აქვს და დიდი, დიდი, ნერვები მოუშალოს რომელიმე დამწყებ ან იქნებ გამოცდილ ჟურნალისტსაც კი. თუმცა, ამ ისტორიაში სევდას ის იწვევს, რომ ცალკეულ ადამიანები ისევ „კომსომოლური” შემართებით წერენ „დანოსებს“ და არიგებენ ხალხის მტრის იარლიყებს“, – აღნიშნავს საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორი.

მისი შეფასებით, რა აზრი აქვს სიტყვის თავისუფლებას, თუ ადამიანი ისე დაფრთხა, რომ ხმა ვერ ამოიღო.

„არ მოგეწონა ადამიანის ნათქვამი და აცხადებ კრემლის აგენტად, იმის აგენტად, ამის აგენტად, ქრისტიანობის მტრად, ხალხის მტრად, მხოლოდ იმიტომ, რომ რაღაც თქვა! და ხალხის მტერს როგორ უნდა მოვექცეთ?! ცოტათი ხომ არ დავხვრიტოთ, ან ჩავქოლოთ, ან გავასახლოთ! როგორც ადრე?! სულ ცოტათი…

სიტყვის თავისუფლებას რა აზრი აქვს, თუ ადამიანი ისე დავაფრთხეთ (დავაბულინგეთ!), რომ ხმა ვერ ამოიღო?!“, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

ამასთან, მისივე შეფასებით, ხალხთა საპყრობილის გისოსებიანი ფანჯრებიდან ევროპა განსაკუთრებით მიმზიდველად სწორედ იქაური მრავალაზრიანობისა და თავისუფლების გამო გამოიყურებოდა და დღეს ცალკეული ნეოკომსომოლებისგან პროდასავლელობის ეგიდით აზრის თავისუფლების შეზღუდვის მცდელობა ისეთივე ნონსენსია, როგორც ქრისტეს სახელით „ყოფის ტირების“ მუქარა.

„თუ ასე გავაგრძელეთ, ეს ორმხრივი წნეხი, რაც სინამდვილეში ერთი მოვლენის თუ მედლის ორი მხარეა, შეიძლება, საბოლოოდ კარგ გამოცდილებადაც კი გამოადგეთ ახალგაზრდა ადამიანებს, რომლებიც ფაქტობრივ გარემოებებზე დაყრდნობით უკეთ გაითავისებენ, რომ ადამიანის სიძულვილი არ არის ლიბერალიზმი და ფარისევლობა არ არის ქრისტიანობა“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე.

საქართველოს პირველი არხის გენერალური დირექტორის განმარტებით, იმის მისახვედრად, რომ გილიოტინა და კოცონი სწორედ ლიბერალიზმის და ქრისტიანობის წინააღმდეგ მოიგონეს, აუცილებელი არ არის მაინცდამაინც საკუთარი შეცდომების დაშვება, როდესაც უკვე არსებობს დიდი მსოფლიო გამოცდილება „კუდიანების დევნის უარყოფითი შედეგების შესახებ“.

როგორც ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში აღნიშნავს, ჩვენს საზოგადოებას ბევრი პრობლემა აქვს, თუმცა, ყველაზე მეტად თავისუფალი აზროვნების ნაკლებობის, რაც იწვევს ბულინგისკენ მიდრეკილებას, ტოტალურ ბულინგს.

„დღეს ერთადერთი, რისთვისაც წარმატებით გამოიყენება სიტყვის თავისუფლება, არის გინების თავისუფლება და ბულინგის თავისუფლება!

ყველა განსხვავებული მტერია, მოღალატეა! მარტო ტერმინები რად ღირს – კრემლის აგენტი, ამერიკის აგენტი… დანარჩენებს აღარ ვიტყვი“, – აცხადებს ვასილ მაღლაფერიძე.

მისი შეფასებით, ეს ცალსახოვნება კლავს თავისუფალ აზროვნებას, დისკუსიისა და კამათის კულტურას, რეალურად შეჯიბრია გინებაში.

ამასთან, როგორც ვასილ მაღლაფერიძე აღნიშნავს, ასე დაუსრულებლად ვერ გაგრძელდება, კაცობრიობამ და განსაკუთრებით ევროპამ ეს ეტაპი გაიარა.

შუასაუკუნეებში ჯადოქრობისთვის წვავდნენ! განა რა ჯადოქრობა უნდა მოეხდინათ იმ საცოდავებს, მაგრამ „დანოსის“ საბაბი არ იყო ძნელი მოსაძებნი – ზოგს ხალი ჰქონდა, ზოგიც ცაცია იყო და ახლა კი ჩანს სისულელედ, მაგრამ მაშინ სჯეროდათ ამისი! სტალინის დროსაც სჯეროდათ, რომ კულაკები ხორბალს წამლავდნენ, ზოგს დღესაც სჯერა, რომ ის ხალხი დასახვრეტი იყო… ახლა კი არიან რეაბილიტირებულები ფარატინა ფურცლებზე, მაგრამ რა მერე?! და ჩვენი ისტორიის პატრონებს კიდევ ახალი „დანოსები“ გვინდა?!

მწარეა კოცონზე სიკვდილი, მაგრამ შეიძლება, კიდევ უფრო მძიმეა, დაბნელებული გონებით რომ უყურებ კოცონს და ფიქრობ, ალბათ, ცოტათი მაინც წაუჯადოქრებდა ეს ადამიანი, თორემ ასე ტყუილად ხომ არ დააბრალებდნენო.

და ვიდრე ასე ფიქრობდა საზოგადოება, შეეძლოთ, მისი ნებისმიერი წევრი შეეკეთებინათ ცეცხლში და ახლა უკვე იგი ეგონებოდათ ჯადოქარი“, – წერს ვასილ მაღლაფერიძე სოციალურ ქსელში.