კამერუნში ძლიერი წვიმით გამოწვეული მეწყერის შედეგად სულ მცირე, 22 ადამიანია გარდაცვლილი. ინფორმაციას ამის შესახებ სააგენტო „როიტერი“ ადგილობრივ მედიაზე დაყრდნობით ავრცელებს.
ქვეყნის დასავლეთ ნაწილში მდებარე ქალაქ ბაფუსამში მეწყერმა გაანადგურა საცხოვრებელი სახლები. მაშველები ნანგრევებში მოყოლილ ათობით ადამიანს ეძებენ.
კამერუნის მეზობელ ცენტრალურ აფრიკაში ამჟამად წვიმის სეზონია და წყალდიდობის გამო, 30 ათასი ადამიანია ევაკუირებული. გაერო-ს ინფორმაციით, სამხრეთ სუდანში ძლიერი წვიმისა და წყალდიდობის შედეგად განადგურებულია გზები და სამედიცინო ცენტრები, მილიონი ადამიანი კი, სასმელი წყლისა და საკვების უკმარისობას განიცდის.