კამჩატკის ხელისუფლება ნახევარკუნძულის სანაპიროსთან წყლის დაბინძურების მიზეზებს იკვლევს [ფოტო]
კამჩატკის ხელისუფლება ნახევარკუნძულის სანაპიროსთან წყლის დაბინძურების მიზეზებს იკვლევს [ფოტო]

კამჩატკის ხელისუფლება ნახევარკუნძულის სანაპიროსთან წყლის დაბინძურების მიზეზებს იკვლევს. სააგენტო „ტასი“ რეგიონის გუბერნატორზე, ვლადიმირ სოლოდოვზე დაყრდნობით წერს, რომ განიხილება დაბინძურების სამი ძირითადი მიზეზი.

„განიხილება ტექნოგენური დაბინძურების ვერსია, რაც ადამიანის საქმიანობას, რამე ტოქსიკური ნივთიერებების ჩაღვრას უკავშირდება. ზუსტად რა ნივთიერებების, ეს უნდა გავარკვიოთ, თუ აღნიშნული ვერსია დადასტურდება. მუშავდება ვერსია, რომ დაბინძურება უკავშირდება ბუნებრივ მოვლენებს, მაგალითად, შტორმის შედეგად სანაპირო ზოლზე გამოტანილი წყალმცენარეების შედეგებს. ასევე განიხილება სეისმური აქტივობის ვერსია, რომელიც ვულკანურ გამოვლინებებს უკავშირდება“, – განაცხადა სოლოდოვმა.

კამჩატკის მხარის გუბერნატორის თქმით, უფრო კონკრეტულ მიზეზზე საუბარი შესაძლებელი იქნება წყლის სინჯების შედეგების მიღების შემდეგ.

უკვე რამდენიმე დღეა, რაც სოციალურ ქსელებში კამჩატკის მხარის რამდენიმე სანაპიროზე ზღვის ცხოველების მასობრივი დახოცვის შესახებ ინფორმაცია და ფოტოები ვრცელდება.

როგორც „ბიბისის“ რუსულენოვანი სამსახური წერს, ადგილობრივები ზღვაში ბანაობის შემდეგ მხედველობის პრობლემებს, გულისრევის შეგრძნებას, ყელის ტკივილსა და სხვა სიმპტომებს უჩიოდნენ.

რუსეთის საგამოძიებო კომიტეტმა წყლის დაბინძურების საკითხის შესწავლა დაიწყო. უწყების განცხადებით, გამოძიების წინასწარი მონაცემებით, ზღვის ბინადართა სიკვდილი წყნარი ოკეანის სანაპირო წყლებში დაუდგენელი წყაროდან მაღალი კონცენტრაციის ნავთობპროდუქტებისა და ფენოლის ჩაღვრას უკავშირდება,
გარემოს დამცველ ორგანიზაცია „გრინპისში“ შექმნილ ვითარებას ეკოლოგიური კატასტროფა უწოდეს. ორგანიზაცია კამჩატკაზე საკუთარი ექსპედიციის გაგზავნას გეგმავს.

„ხალაკტირის სანაპიროს მახლობლად აკვატორის დაბინძურებამ უკვე გამოიწვია ზღვის ცხოველების სიკვდილი და ადამიანების მოწამვლა. კამჩატკის უნიკალური ბუნება, იუნესკო-ს მსოფლიო ბუნებრივი მემკვიდრეობა საფრთხის წინაშეა. აუცილებელია, რაც შეიძლება სწრაფად მოხდეს სანაპიროს დაბინძურების ლოკალიზება და გავრცელების თავიდან აცილება. საჭიროა დაბინძურების წყაროს გამოვლენა და აუცილებელი ზომების ამოქმედება“, – განაცხადა „გრინპისის“ წარმომადგენელმა, ვასილი იაბლოკოვმა.