კამალა ჰარისი - აშშ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს პალესტინელების იძულებით გადაადგილებას
კამალა ჰარისი - აშშ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს პალესტინელების იძულებით გადაადგილებას

აშშ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს პალესტინელების იძულებით გადაადგილებას, – ამის შესახებ აშშ-ის ვიცე-პრეზიდენტმა, კამალა ჰარისმა ეგვიპტის პრეზიდენტ აბდელ ფატაჰ ელ-სისისთან შეხვედრისას განაცხადა.

„აშშ არავითარ შემთხვევაში არ დაუშვებს პალესტინელების იძულებით გადასახლებას ღაზიდან ან დასავლეთ სანაპიროდან, ღაზის ალყაში მოქცევას ან ღაზის საზღვრების შეცვლას“, – განაცხადა ჰარისმა.

ამასთან, როგორც თეთრი სახლის განცხადებაშია აღნიშნული, შეხვედრისას ჰარისმა და სისიმ განიხილეს „კონფლიქტის დასრულების შემდეგ ღაზაში შესაძლო ვითარება, მათ შორის გეგმები რეკონსტრუქციის, უსაფრთხოებისა და მმართველობის მცდელობების შესახებ“.

ჰარისის თქმით, ისრაელს აქვს უფლება, დაიცვას თავი „ჰამასისგან“, მაგრამ ამასთან ერთად, აღნიშნა, რომ „საერთაშორისო და ჰუმანიტარული კანონი უნდა იყოს დაცული“.

ჰარისმა განაცხადა, რომ ისრაელმა მეტი უნდა გააკეთოს მშვიდობიანი მოსახლეობის დასაცავად.

„ძალიან ბევრი პალესტინელი დაიღუპა. ჩვენ ყველას გვსურს, რომ ეს კონფლიქტი დასრულდეს რაც შეიძლება მალე და უზრუნველყოს ისრაელის უსაფრთხოება და უზრუნველყოს პალესტინელი ხალხის უსაფრთხოება. ჩვენ უნდა დავაჩქაროთ ძალისხმევა მუდმივი მშვიდობის დასამყარებლად“, – განაცხადა ჰარისმა.