კამალა ჰარისი აცხადებს, რომ დონალდ ტრამპი აღტაცებულია დიქტატორებით. ამის შესახებ მან აშშ-ის პრეზიდენტობის რესპუბლიკელ კანდიდატთან, დონალდ ტრამპთან ტელედებატების დროს განაცხადა.
კამალა ჰარისმა უპასუხა მეტოქის იმ განცხადებას, სადაც ტრამპმა აღნიშნა, რომ მას სძულს ისრაელი. აშშ-ის მოქმედმა ვიცე-პრეზიდენტმა ამას ტყუილი უწოდა.
„ეს არ არის სიმართლე, მე მთელი ჩემი ცხოვრება და კარიერა მხარს ვუჭერდი ისრაელს და ისრაელელ ხალხს. მან ეს იცის და კვლავ ცდილობს განხეთქილების შემოტანას, ყურადღების გადატანას რეალობიდან. ის კი მდგომარეობს იმაში, რომ კარგად ცნობილია, დონალდ ტრამპი არის სუსტი და არასწორი ეროვნული უსაფრთხოებისა და საგარეო პოლიტიკასთან დაკავშირებით. კარგად ცნობილია, რომ ის აღტაცებულია დიქტატორებით. მისივე თქმით, მას სურს, პირველივე დღიდანვე იყოს დიქტატორი. მან თქვა პუტინზე, რომ მას შეუძლია გააკეთოს, რაც უნდა უკრაინაში. რუსეთი როდესაც უკრაინაში შეიჭრა, მან თქვა, რომ ეს იყო „ბრწყინვალე“. კარგად ცნობილია, რომ მან გაცვალა სასიყვარულო წერილები კიმ ჩენ ინთან და აბსოლუტურად კარგად ცნობილია, რომ ეს დიქტატორები და ავტოკრატები გგულშემატკივრობენ, კვლავ გახდეთ პრეზიდენტი, რადგან სრულიად აშკარაა, რომ მათ თქვენით მანიპულაცია შეუძლიათ მლიქვნელობითა და კეთილგანწყობით. სწორედ ამიტომ, ამდენმა სამხედრო ლიდერმა, რომელთანაც თქვენ გიმუშავიათ, მითხრა, რომ თქვენ ხართ სამარცხვინო. სწორედ ამიტომ, ჩვენ გვესმის, რომ ჩვენ უნდა გვყავდეს პრეზიდენტი, რომელიც არ არის მუდმივად სუსტი და მცდარი ეროვნულ უსაფრთხოებასთან დაკავშირებით, მათ შორის, ჩვენი სამხედროების დაცვასა და პატივისცემასთან დაკავშირებით“, – განაცხადა ჰარისმა.
თავის მხრივ, როგორც დონალდ ტრამპმა აღნიშნა, მსოფლიოს ლიდერები ფიქრობენ, რომ ბაიდენისა და ჰარისის ადმინისტრაცია არის სუსტი და არაკომპეტენტური.
„სწორედ მან გამოიწვია ეროვნული უსაფრთხოების სისუსტე იმით, რომ დაუშვა, ყველა ქვეყანას გამოეგზავნა ხალხი ჩვენს ქვეყანაში. გასულ კვირას მას პუტინმა მხარი დაუჭირა და თქვა, რომ იმედოვნებს, ის გაიმარჯვებს. ვფიქრობ, რომ ამას გულისხმობდა. რადგან ის, რაც მას შერჩა, აბსოლუტურად წარმოუდგენელია. ჩემთან ერთად ეს არ მოხდება. სხვა ქვეყნების ლიდერები ფიქრობენ, რომ ისინი არიან სუსტები და არაკომპეტენტურები და ისინი არიან კიდეც. მე მაქვს ერთი კითხვა: რატომ მოკლა ბაიდენმა ქისთოუნის მილსადენის პროექტი და დაამტკიცა რუსეთთან უმსხვილესი გარიგება – „ჩრდილოეთის ნაკადი 2“, მსოფლიოს უმსხვილესი მილსადენი, რომელიც გერმანიასა და მთელ ევროპაში მიდის? რადგან ისინი არიან სუსტები და არაეფექტიანები“, – განაცხადა ტრამპმა.