კამალა ჰარისი - 6 იანვარს ტრამპმა წაახალისა მოძალადე ბრბო კაპიტოლიუმზე თავდასხმისკენ, ჩვენ უკან არ უნდა დავბრუნდეთ, დავასრულოთ მიდგომა, რომელიც გულისხმობს თავდასხმას ჩვენი ქვეყნის დემოკრატიაზე
კამალა ჰარისის განცხადებით, 2020 წლის 6 იანვარს აშშ-ის პრეზიდენტმა, დონალდ ტრამპმა წაახალისა მოძალადე ბრბო კაპიტოლიუმზე თავდასხმისკენ. ეს განცხადება დემოკრატიული პარტიის პრეზიდენტობის კანდიდატმა, კამალა ჰარისმა დონალდ ტრამპთან სატელევიზიო დებატების დროს გააკეთა.
„6 იანვარს მე ვიყავი კაპიტოლიუმის შენობაში. ვიყავი არჩეული ვიცე-პრეზიდენტი და მოქმედი სენატორი. ამ დღეს აშშ-ის პრეზიდენტმა წაახალისა მოძალადე ბრბო კაპიტოლიუმზე თავდასხმისკენ. ამ დღეს დაშავდა 140 პოლიციელი. ზოგი მოკვდა. ყოფილ პრეზიდენტს ბრალი წაუყენეს და იმპიჩმენტი გამოუცხადეს სწორედ ამ მიზეზით. მაგრამ ეს არ გახლავთ იზოლირებული შემთხვევა. მოდი, გავიხსენოთ შარლოტსვილიც, სადაც იყო ხალხი, რომელათაც ხელში ეჭირათ ჩირაღდნები და ავრცელებდნენ ანტისემიტურ სიძულვილს. მაშინ ტრამპმა თქვა, რომ ეს კარგი ხალხი იყო. მაგრამ მე მინდა, მივმართო ყველას, ვისაც ახსოვს, რა მოხდა 6 იანვარს. ჩვენ უკან არ უნდა დავბრუნდეთ. ეს ფურცელი უნდა გადავშალოთ. ჩვენს კამპანიაში არის თქვენთვის ადგილი, რომ დადგეთ ქვეყნისთვის, ჩვენი დემოკრატიისთვის და კანონის უზენაესობის დასაცავად და დაასრულოთ ქაოსი, დავასრულოთ მიდგომა, რომელიც გულისხმობს თავდასხმას ჩვენი ქვეყნის ფუძემდებლურ დემოკრატიაზე. აქვე მინდა, შეგახსენოთ, დონალდ ტრამპმა, თქვა რომ მოხდება სისხლისღვრა, თუ 2024 წლის არჩევნების შედეგი არ იქნება მისთვის მოსაწონი. Მოდით, გადავშალოთ ეს ფურცელი და არ დავბრუნდეთ უკან“, – განაცხადა ჰარისმა.
ამის შემდეგ მოდერატორმა დონალდ ტრამპს ჰკითხა, არის თუ არა რაიმე, რასაც აშშ-ის ყოფილი პრეზიდენტი ნანობს 6 იანვრის მოვლენებთან დაკავშირებით, რაზეც ტრამპმა უპასუხა, რომ მას არაფერი აქვს საერთო იმ დღეს განვითარებულ მოვლენებთან, რომ მაშინ აქცია არა მან, არამედ სხვებმა მოაწყვეს.
ამასთან ერთად, ტრამპმა 6 იანვრის მოვლენების დროს უსაფრთხოების დაცვაზე პასუხისმგებლობა აშშ-ის წარმომადგენელთა პალატის ყოფილ სპიკერს, ნენსი პელოსს და ვაშინგტონის მერს დააკისრა.
„ამას არავინ აშუქებს, რომ მე იმ დღეს, გამოსვლისას ვთქვი, რომ აქციის მონაწილეები უნდა წასულიყვნენ კაპიტოლიუმის შენობისკენ მშვიდობიანად და პატრიოტულად. ამ მოვლენების დროს მეორე მხარეს არავინ მოუკლავთ. აქციის მონაწილე ქალს ესროლა პოლიციის ოფიცერმა, რომელიც საკუთარ თავს ვერ აკონტროლებდა. ის არ უნდა მოეკლათ. ეს სამარცხვინოა. მაგრამ ჩვენ, იმ ადამიანთა ჯგუფს, რომელსაც ასე ცუდად ეპყრობოდნენ, არაფერი გაგვიკეთებია. მინდა, დავსვა კითხვა იმ ადამიანებზე, რომლებიც ჩვენს ქვეყანაში ჩამოდიან, რომელთაც აქ ჩამოსვლის უფლება ჩემი ოპონენტი აძლევს და მან იცის, რა ცუდი სამუშაო შეასრულა. როდის გაასამართლებენ ამ ჩამოსულ ხალხს? როდის გაასამართლებენ ხალხს, რომელთაც მინეაპოლისი გადაწვეს ან მათ, ვისაც სიეტლის დიდი ნაწილი ჰქონდათ დაკავებული ?! მე ექვსი იანვარს განვითარებულ მოვლენებთან არანაირი კავშირი არ მაქვს, იმის გარდა, რომ ამ დღეს მთხოვეს სიტყვით გამოსვლა. მე გამოვედი სიტყვით და ვთქვი, რომ დიდი აქცია იქნებოდა. მე მივედი წარმომადგენელთა პალატის სპიკერთან, ნენსი პელოსთან და ვაშინგტონის მერთან და ვუთხარი, რომ ეს იქნებოდა დიდი საპროტესტო აქცია. ეს აქცია მე არ მომიწყვია. ის სხვებმა მოაწყვეს. მე ვუთხარი პელოსს და ვაშინგტონის მერს, რომ მინდა, მოვახდინო 10 000 ეროვნული გვარდიელის მობილიზება. თუმცა, მათ ჩემი შეთავაზება უარყვეს. ეს ყველაფერი არ მოხდებოდა, ნენსი პელოსს და ვაშინგტონის მერს საკუთარი საქმე რომ გაეკეთებინათ. მე არ ვიყავი პასუხისმგებელი უსაფრთხოებაზე. ნენსი პელოსი იყო პასუხისმგებელი და მან ეს სამუშაო ვერ შეასრულა“, – განაცხადა ტრამპმა.