კალუგინი რუსი მეკარის დასჯას გამოეხმაურა - ქვეყანაში დიქტატურაა? პუტინის კრიტიკისთვის რატომ უნდა დაისაჯოს?
ვლადივოსტოკის „ლუჩის“ ნახევარმცველმა დმიტრი კალუგინმა კომენტარი გააკეთა სამარის „კრილია სოვეტოვის“ მეკარის, ევგენი ფროლოვის ნათქვამზე, რომელმაც რუსეთის ფედერაციის მთავრობა და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა.
„გავიგე, რომ კლუბს ფროლოვის დაჯარიმება სურს, მაგრამ არ მესმის – ჩვენს ქვეყანაში დიქტატურაა? სიტყვის თავისუფლება არ არსებობს? ქვეყნის კონსტიტუციის პუნქტები დაარღვია, რომ აჯარიმებენ? ხალხს უნდა ჰქონდეს საკუთარი აზრის გამოხატვის უფლება, წინააღმდეგ შემთხვევაში ეს ტოტალიტარიზმია“, – განაცხადა კალუგინმა Yandex Football Zen-ის არხთან ინტერვიუში.
შეგახსენებთ, რომ ფროლოვმა რუსეთის მთავრობა და პრეზიდენტი ვლადიმერ პუტინი გააკრიტიკა. ამ სიტყვებიდან რამდენიმე საათის შემდეგ, „კრილია სოვეტოვის“ ოფიციალურ ვებგვერდზე დაიწერა, რომ ფეხბურთელს დააჯარიმებდნენ.
საინტერესოა, რომ ფროლოვს გულშემატკივრებმა მხარი დაუჭირეს, რაზეც გამოცემა stolica-s.su წერს და ინსტაგრამის მისი გვერდიდან ქომაგების გამოხმაურებებს აქვეყნებს:
„მადლობა, რომ არ შეგეშინდათ ამ „ვირთხების“ და სიმართლეს ამბობთ იმაზე, რაც ახლა ქვეყანაში ხდება“.
„ფროლოვია რეალური სახალხო ფეხბურთელი და არა ძიუბა და მსგავსები“.
„მთელი ქვეყანა მხარს გიჭერთ თქვენი გამბედაობისა და პატიოსნებისთვის! გმადლობთ, რომ არ გაჩუმდით. ბიჭებო, მისი ჯარიმა ხომ არ გადაგვეხადა?“