რუსეთიდან მოთამაშეები გაიქცნენ - უკრაინელზე არანაკლები შვედი წავიდა, შემდეგ ქართველები არიან #1TVSPORT
რუსეთიდან მოთამაშეები გაიქცნენ - უკრაინელზე არანაკლები შვედი წავიდა, შემდეგ ქართველები არიან #1TVSPORT

ერთი თვის წინ ფიფა-მ რუსეთის ჩემპიონატში მოთამაშე უცხოელ ფეხბურთელებს ნება დართო, კონტრაქტები 2022 წლის 30 ივნისამდე ცალმხრივად შეეჩერებინათ. 7 აპრილს რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერებისთვის დამატებითი სატრანსფერო „ფანჯარა“ დაიხურა და ცნობილი გახდა გამაოგნებელი რიცხვები – რუსულმა ლიგამ უცხოელი მოთამაშეების მესამედი დაკარგა.

ბევრმა ხელშეკრულებები კლუბთან არა დროებით, არამედ სრულად გაწყვიტა. გარდა ამისა, ზოგიერთი უცხოელი ფეხბურთელი ფორმალურად დარჩა კლუბებში, მაგრამ, ფაქტობრივად, წავიდა და არ თამაშობს. სულ რუსეთის ჩემპიონატმა 80-მდე უცხოელი დაკარგა, 20 ქვეყნიდან – თერთმეტი ევროპული, ოთხი სამხრეთ ამერიკული, სამი აფრიკული და ორი აზიური.

გასაკვირი არ არის, რომ უკრაინა სიაში პირველ ადგილზეა: ჩემპიონატი ყველა მისმა მოთამაშემ დატოვა, მაინც არ არ არის ერთპიროვნული ლიდერი – ფიფა-ს წესით ექვსმა შვედმა ლეგიონერმა მაშინვე ისარგებლა და ბარგი ჩაალაგა.

როგორ აფასებენ უცხოელები რუსეთში არსებულ ვითარებას, შეიძლება ვიმსჯელოთ შვედეთის ნაკრებისა და „კრასნოდარის“ (უკვე ყოფილი) ნახევარმცველის, ვიკტორ კლასონის ინტერვიუდან.

„სიტუაცია ძალიან შემაშფოთებელი გახდა. ყველაფერი სამწვრთნელო შტაბის წასვლით დაიწყო, ლეგიონერებსაც სურდათ წასვლა. იმ მომენტში ყველაფერი ჩაძირულ გემს დაემსგავსა“, – თქვა „კრასნოდარის“ ყოფილმა ნახევარმცველმა Aftonbladet.se-სთვის მიცემულ ინტერვიუში.

სკანდინავიელები ზოგადად აქტიურად ტოვებდნენ რუსეთს. 6 შვედის გარდა მინიმუმ ზაფხულამდე სამი ნორვეგიელიც წავიდა და ერთიც დანიელი – ხვიჩა კვარაცხელიას თანაგუნდელი, „რუბინის“ საუკეთესო ბომბარდირი, ანდერს დრეიერი. ასევე ამ სიაში არიან ბოსნიელი დენის ჰაჯიკადუნიჩი და მონტენეგროელი სეად ჰაქსაბანოვიჩი, რომლებიც შვედეთში დაიბადნენ, მაგრამ ისტორიული სამშობლოს ნაკრებებში თამაშობენ.

ცოტა გასაკვირი და დასაფასებელი იყო ერთდროულად ხუთი ბრაზილიელის წასვლა, რადგან ამ ქვეყნის ფეხბურთელები ხშირად პრაგმატულად თამაშობენ. როგორც მოსალოდნელი იყო, პოლონელმა გჟეგოჟ კრიჩოვიაკმა „კრასნოდარში“ თამაში არ გააგრძელა.

რაც მთავარია, საქართველო არის წამყვან ქვეყნებს შორის. რუსეთი ხუთმა ქართველმა ფეხბურთელმა დატოვა – უფრო მეტი რუსეთიდან უკრაინელი და შვედი წავიდა. კლუბები დატოვეს ჯემალ ტაბიძემ, ლუკა წულუკიძემ, ლუკა გაგნიძემ, ზურიკო დავითაშვილმა და ხვიჩა კვარაცხელიამ.

ქვემოთ მოცემულია წასული ლეგიონერების სრული სია. ამას შეიძლება დავუმატოთ ორი გერმანელი მთავარი მწვრთნელი, რომლებმაც უარი თქვეს რუსულ ლიგაში მუშაობაზე – მარკუს გიზდოლი „ლოკომოტივიდან“ და დანიელ ფარკე – „კრასნოდარიდან“. ისინი თანაშემწეებთან ერთად წავიდნენ. გარდა ამისა, მეორე დღეს ცსკა-მ დაკარგა უელსელი ფიზმომზადების მწვრთნელი რაილანდ მორგანსი.

ქვეყნების სია, რომელთა მოთამაშეებმა რუსეთი დატოვეს:

უკრაინა (6 მოთამაშე): იაროსლავ გოძიური, დენის კულაკოვი, იაროსლავ რაკიცკი, ივან ორდეცი, დიმიტრი ივანისენია, არტემ პოლიარუსი.

შვედეთი (6): აქსელ ბიორნსტრომი, ფილიპ დაგერსტოლი, არმინ გიგოვიჩი, პონტუს ალმკვისტი, ვიქტორ კლასონი, ჯორდან ლარსონი.

საქართველო (5): ჯემალ ტაბიძე, ლუკა წულუკიძე, ლუკა გაგნიძე, ზურიკო დავითაშვილი, ხვიჩა კვარაცხელია.

ბრაზილია (5): პაბლო, კაიო, ბრუნო ვიანა, აირტონი, ვანდერსონი.

ნორვეგია (3): ლარს ლარსენი, მაგნუს კნუდსენი, ერიკ ბოტეიმი.

ხორვატია (2): სილვი ბეგიჩი, ფილიპ ურემოვიჩი.

პოლონეთი (1): გჟეგოჟ კრიხოვიაკი.

საფრანგეთი (1): რემი კაბელა.

დანია (1): ანდერს დრეიერი.

მონტენეგრო (1): სეად ჰაქსაბანოვიჩი.

ბოსნია და ჰერცეგოვინა (1): დენის ჰაჯიკადუნიჩი.

ბელგია (1): ბოლი ბოლინგოლი-მბომბო.

სამხრეთ კორეა (1): ხვან ინ-ბუმი.

იაპონია (1): კენტო ჰაშიმოტო.

ეკვადორი (1): კრისტიან რამირესი.

კოლუმბია (1): ჯონ კორდობა.

პარაგვაი (1): უმცროსი ალონსო.

ანგოლა (1): ბაშტუში.

ნიგერია (1): სილვესტერ იგბუნი.

კამერუნი (1): დიდიე ლამკელ ზე.