„რუბინის“ გენდირექტორს კვარაცხელიას წასვლაზე წამოცდა - ტრანსფერით სესხების დაფარვა გვსურდა, მაგრამ ლეგიონერები წაგვართვეს #1TVSPORT
„რუბინის“ გენდირექტორს კვარაცხელიას წასვლაზე წამოცდა - ტრანსფერით სესხების დაფარვა გვსურდა, მაგრამ ლეგიონერები წაგვართვეს #1TVSPORT

ხვიჩა კვარაცხელიასა და მასთან ერთად სხვა ლეგიონერების მასობრივმა წასვლამ ყაზანის „რუბინი“ კატასტროფულ მდგომარეობაში ჩააგდო – ასე შეაფასა ყაზანელთა გენერალურმა დირექტორმა, რუსტემ საიმანოვმა გუნდში შექმნილი ვითარება.

„რუბინის“ ხელმძღვანელის თქმით, გუნდი ბევრმა ლეგიონერმა დატოვა, რის გამოც შემადგენლობაში დიდი პრობლემები შეექმნათ:

„დიდი დრო დავხარჯე კლუბში ეკონომიკური მდგომარეობის გასაუმჯობესებლად და გუნდის ასაწყობად, მაგრამ საბოლოოდ ისე მოხდა, როდესაც ბევრი ფულის დახარჯვა მოვახერხე, სწორედ მაშინ ლეგიონერები წაგვართვეს. ეს ჩვენთვის კატასტროფაა”, – განუცხადა საიმანოვმა RB Sport-ის კორესპონდენტს.

ამას გარდა, „რუბინის“ გენერალურ დირექტორს წამოცდა მიზეზი, რის გამოც ხვიჩა კვარაცხელიას საფასურად დიდ სატრასნფერო თანხას, 20 მილიონ ევროს ითხოვდა.

„ვიღაცის გაყიდვა მინდოდა, რომ კლუბის სესხები დამეფარა. ახლა რას ვაპირებ? ვინ დამიჭერს მხარს ამ სიტუაციაში? ახლა ეს არც ვიცი“, – გაამხილა საიმანოვმა.

უკრაინაში რუსეთის აგრესიის გამო, ფიფა-ს რუსეთში მოთამაშე ლეგიონერებს ადგილობრივი კლუბების დატოვების უფლება დართო. ამის გამო, ხვიჩა კვარაცხელიას გარდა, „რუბინიდან“ წავიდნენ ანდერს დრეიერი, სილვიო ბეგიჩი, სეად ხახშაბანოვიჩი, ფილიპ ურემოვიჩი და ჰვანგ ინ ბეომი.

შეგახსენებთ, რომ საიმანოვი ამტკიცებდა, თითქოს კვარაცხელიას თაობაზე არავის მიუმართავს და ევროპული ტოპ კლუბების დაინტერესებაზე გავრცელებული ცნობები მედიის მოგონილი იყო.

სინამდვილეში, „რუბინის“ დირექტორი კვარაცხელიას ტრანსფერში 20 მილიონ ევროს ითხოვდა და ევროპელები მოლაპარაკებას ამის გამო ერიდებოდნენ. ამ ინტერვიუდან კი გაირკვა, რომ საიმოანოვს სესხის დაფარვა საქართველოს ნაკრების თავდამსხმელის ტრანსფერით სურდა, მაგრამ რუსეთის ჩემპიონატის ფეხბურთელში ევროპელები ამხელა თანხას არ იხდიან და ქართველის ტრანსფერს ხელს გადაჭარბებული თანხის მოთხოვნით უშლიდა.

ვითარება მაშინ შეიცვალა, როდესაც კვარაცხელია რუსეთიდან წავიდა. ხვიჩას მიმართ რეალური ინტერესი უცებ გამოავლინა „ნაპოლიმ“, რომლის სპორტულმა დირექტორმა, კრისტიანო ჯუნტოლიმ განაცხადა, რომ ქართველი ფეხბურთელი კლუბის სატრანსფერო სიის პირველი ნომერია. ეს იმიტომ, რომ კვარაცხელიაში ახლა ბევრად ნაკლები თანხის, 8 მილიონი ევროს გადახდა მოუწევს.