ფიფა აგრესორი ქვეყნის ფეხბურთს მორიგ დარტყმას უმზადებს - რუსული კლუბები ლეგიონერებს კარგავენ, ეს კვარაცხელიასა და დავითაშვილის შანსია #1TVSPORT
ფიფა აგრესორი ქვეყნის ფეხბურთს მორიგ დარტყმას უმზადებს - რუსული კლუბები ლეგიონერებს კარგავენ, ეს კვარაცხელიასა და დავითაშვილის შანსია #1TVSPORT

ფიფა-მ გაითვალისწინა პროფესიონალ ფეხბურთელთა საერთაშორისო კავშირის (FIFPRO) მიმართვა და უახლოეს მომავალში რუსეთის პრემიერლიგის ლეგიონერებს უფლებას დართავს, კლუბებთან კონტრაქტები გააუქმონ – ამტკიცებს sportske jutarnji.

ხორვატიული გამოცემა წერს, რომ რუსეთის ლიგას მუხლებზე დააჩოქებენ და მალე ამ ჩემპიონატს 150 უცხოელი დატოვებს:

„რაც სამშაბათს არაოფიციალურად ითქვა, პრაქტიკულად ოთხშაბათს ოფიციალურად დადასტურდა. ჩვენი ინფორმაციით, რუსეთის ლიგაში მოთამაშე უცხოელმა ფეხბურთელებმა შვიდიდან ათ დღეში უნდა მიიღონ ნებართვა უეფა-სა და ფიფა-სგან, რათა ახალი კლუბების ძიებაში შესაძლო სასჯელის გარეშე დატოვონ რუსეთი. მიუხედავად იმისა, რომ ოფიციალური რუსეთის მტკიცებით ლიგაში თამაშები კვლავ მიმდინარეობს, რუსეთს 150-მდე უცხოელი ფეხბურთელი დატოვებს და შესაძლოა, რამდენიმე რუსიც წავიდეს. რუსეთის ლიგა კი მუხლებზე დაეცემა. ეს არის ფეხბურთის ნათელი და ერთადერთი ლოგიკური რეფლექსი აგრესორთან მიმართებაში“, – ვკითხულობთ წერილში.

„მე მაქვს ინფორმაცია, რომ რუსეთის პირველი და მეორე ლიგის თითქმის 150 ფეხბურთელი დატოვებს ლიგას და კონტრაქტი ისე გაუწყდებათ, ამისთვის ფიფა არ დასჯის. ხორვატიის ეროვნული ნაკრების წევრები – დეიან ლოვრენი („ზენიტი“), ნიკოლა მორო (მოსკოვის „დინამო“) და ფილიპ ურემოვიჩი („რუბინი“) ძალიან ყურადღებით ადევნებენ თვალს ვითარებას ქვეყანაში, რომელიც სულ უფრო მეტად გრძნობს იმ საშინელი სანქციების შედეგებს, რაც დასავლეთმა აგრესორს დაუწესა“, – განაცხადა გამოცემასთან ხორვატიის საფეხბურთო კავშირის მდივანმა მარიო იურიჩმა.

მან სხვა საინტერესო ფაქტიც გაამხილა: „რისი თქმაც ახლა შემიძლია და FIFPRO-სთან მუდმივად ვართ კონტაქტში, უეფა-ს და ფიფა-ს შეთანხმებით, მოთამაშეები, რომლებიც ამჟამად თამაშობენ რუსულ კლუბებში, შეძლებენ დროებით გააფორმონ კონტრაქტები სხვა ევროპულ თუ მსოფლიო კლუბებთან. მოქმედ დამქირავებელთან ხელშეკრულების შეწყვეტის შემდეგ. ფაქტია, რომ სატრანსფერო ვადები ამოიწურა და ამ სეზონზე შესაძლოა ბევრმა სხვა კლუბთან გააფორმოს კონტრაქტი, რომელიც წესებით არ იძლევა ტრანსფერის საშუალებას, მაგრამ შექმნილი ფორსმაჟორული ვითარებიდან გამომდინარე, ამ ფეხბურთელებისთვის სპეციალური „ფანჯარა“ გაიხსნება“.

არაოფიციალური ცნობით, უეფა-ს და ფიფა-ს ეს დადგენილება მზად იქნება არაუგვიანეს ათი დღისა. და რა მოხდება, თუ რუსეთის საფეხბურთო კავშირი გადაწყვეტს, რომ ყველაფერი რიგზეა და ჩემპიონატს გააგრძელებს მოქმედი კონტრაქტების მქონე მოთამაშეებით? მარიო იურიჩი ამაზე განმარტავს: „თეორიულად, ეს არ მოხდება, რადგან უეფა და ფიფა უფრო მაღლა დგანან, ვიდრე ეროვნული ფედერაციები“.

როგორც საქართველოს პირველი არხისთვის ცნობილი გახდა, კლუბებში ქართველ ფეხბურთელებს განუცხადეს, რომ კონტრაქტების გაწყვეტაზე გადაწყვეტილებას ერთ კვირაში შეატყობინებენ. ეს არის შანსი ქართველი ფეხბურთელებისთვის, დატოვონ რუსეთი და წავიდნენ იქ, სადაც განვითარების მეტი შანსი მიეცემათ.