„კახური ტრადიციული მეღვინეობის ჯგუფის“ დამფუძნებელი ზურაბ ჩხაიძე - მეტი გამჭვირვალობა, სტაბილურობა მხოლოდ დაგვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან, ეს ერთ-ერთი მთავარი დასავლური ფასეულობაა
დასავლური ღირებულებები ის ქვაკუთხედია, რომელიც ჩვენი ქვეყნის თითოეულ მოქალაქეს აერთიანებს. ევროპელობა არათუ ჩვენი არჩევანი, არამედ მემკვიდრეობაა. ისტორიული მონაპოვარია, რომელსაც უნდა გავუფრთხილდეთ და გავაძლიეროთ, – ამის შესახებ ნათქვამია „კახური ტრადიციული მეღვინეობის ჯგუფის“ (KTW ჯგუფი) დამფუძნებელ ზურაბ ჩხაიძის განცხადებაში.
ზურაბ ჩხაიძის თქმით, გზა, რომელსაც საქართველო გადის, სწორედ ამ მონაპოვრის გაძლიერებას ემსახურება.
„2012 წლიდან დღემდე დღევანდელმა ხელისუფლებამ შეძლო და ამ კურსის კიდევ უფრო გასამყარებლად არაერთი გამარჯვება მოიპოვა. დღეს საქართველო არის ქვეყანა, სადაც სტაბილური, გამჭვირვალე და თავისუფალი ბიზნესგარემოა შექმნილი, რაც არაერთი საერთაშორისო კვლევით დასტურდება. ქვეყანაში ბიზნესმა მიაღწია სახელმწიფოსთან თანამშრომლობის იმ ეტაპს, როდესაც მნიშვნელოვანი გადაწყვეტილებები ურთიერთშეთანხმებისა და ერთიანი კოორდინაციის საფუძველზე მიიღება. არსებობს საგადასახადო შეღავათი, მცირე თუ საშუალო ბიზნესის ხელშეწყობის პროგრამები, რაც ქართული ეკონომიკის ზრდის უმთავრესი საწინდარია. მშვიდობა და სტაბილურობა კი ამ და სხვა სწორად გადადგმულ ნაბიჯებს წარმატების ერთიან პაკეტად აერთიანებს, რაც აუცილებლად მიგვიყვანს ჩვენს ისტორიულ მიზნამდე. KTW ჯგუფი, ორ ათეულ წელზე მეტია, საერთაშორისო პარტნიორებთან ერთად, ქვეყნის კულტურისა და ისტორიის პოპულარიზაციას ეწევა და კარგად გვესმის, რაოდენ მნიშვნელოვანია გამჭვირვალობა, ღიაობა და მშვიდობა პროცესების წარმატებაში. მეტი გამჭვირვალობა, სტაბილურობა მხოლოდ და მხოლოდ დაგვაახლოებს ევროპულ ღირებულებებთან, რადგან ეს ერთ-ერთი მთავარი დასავლური ფასეულობაა. საქართველოს ევროპული ვექტორი უალტერნატივოა და ამ გზაზე უნდა ვიაროთ მშვიდობით – ჩვენი კულტურისა და ისტორიის პატივისცემით, ჩვენი შვილებისა და მათი ნათელი მომავლის უზრუნველსაყოფად“, – განაცხადა ზურაბ ჩხაიძემ.