კახა კახიშვილი - მეორე ტური ყველასთვის ერთიანი სტარტაპი იყო და თუ ოპოზიციას პოლიტიკური ბრძოლის სურვილი ჰქონდა, შესაძლებელი იყო, მეორე ტურში გამართულიყო
მეორე ტური ყველასთვის ერთიანი სტარტაპი იყო და თუ ოპოზიციას პოლიტიკური ბრძოლის სურვილი ჰქონდა, შესაძლებელი იყო, ეს ბრძოლა მეორე ტურში გამართულიყო, – ამის შესახებ „ქართული ოცნების“ მაჟორიტარმა დეპუტატმა, კახა კახიშვილმა საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„პირველ ტურში მიღებული ხმები მეორე ტურში არ გადადის და შესაბამისად, თუ პოლიტიკური ბრძოლის სურვილი იყო, შესაძლებელი იყო, ეს პოლიტიკური ბრძოლა მეორე ტურში გამართულიყო“, – განაცხადა კახიშვილმა.
მისი თქმით, პირველ ტურში „ქართული ოცნების“ ყველა მაჟორიტარს რომ მოეგო, შესაძლებელია, არჩევნების გაყალბებასთან დაკავშირებით ოპოზიციის ბრალდებაში ლოგიკა დაგვენახა, მაგრამ ფაქტია, მეორე ტური კანდიდატების უმრავლესობას დასჭირდა და მათ შორის, ამაშიც ჩანს, რომ ოპოზიციის ბრალდება არალოგიკურია.
„ლოგიკა სად არის? მაგალითად, ჩემს ოპონენტს ჰქონდა 26 პროცენტი. კი ბატონო, ჩავთვალოთ, რომ მეც 26 პროცენტი მქონდა, მაგრამ მეორე ტურში მაინც გადავედი და გაყალბებას რა მნიშვნელობა ჰქონდა? მითხარით, გაყალბებას რა აზრი აქვს, თუ მიზანს არ აღწევ? ყველას რომ პირველივე ტურში მოგვეგო, რაღაცას კიდევ იტყოდი, რომ ამ კუთხით, სალაპარაკოდ, ლოგიკური საფუძველი ნამდვილად არის, მაგრამ თუ გაყალბების შედეგი არ არის, რაზე ვსაუბრობთ?“, – განაცხადა კახიშვილმა.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რამდენად არის იმის ალბათობა, რომ ერთპარტიული პარლამენტი მივიღოთ და რას ნიშნავს ეს „ქართული ოცნებისთვის“, კახი კახიშვილმა განაცხადა, რომ, რა თქმა უნდა, ერთპარტიული პარლამენტი ქვეყნისთვის სასიამოვნო არ არის.
„შეიძლება, ვინმეს მოეჩვენოს, რომ ერთპარტიულ პარლამენტში კარგი სამუშაო გარემო იქნება, ნერვების შლის გარეშე, მაგრამ ზოგადად, თუ ვიხელმძღვანელებთ იმ ფაქტებით, რაც ჩვენ ისტორიაში იყო, როდესაც ქვეყანას, ფაქტობრივად, მართავდა ერთპარტიული პარლამენტი, რომელსაც პარლამენტიც კი არ ერქვა და რვა წელი გადაწყვეტილება ერთი ადამიანის ხელის აწევით მიიღებოდა, ეს ქვეყნისთვის კარგი არ არის. ნამდვილად ვისურვებდი, რომ ოპოზიცია შევიდეს და იყოს პარლამენტში. რატომ? იმიტომ, რომ ეს არის ხელისუფლების ერთგვარი გამოფხიზლება. როდესაც შენ მარტო რჩები, რთულია იმის პროგნოზირება, რა ტიპის გადაწყვეტილებას მიიღებ, თუ მუდმივად არ გეყოლება შემძახებელი, რომ გამოგაფხიზლოს, რადგან ზოგადად, ძალაუფლება ადამიანს რყვნის და ამიტომ, ქვეყნისთვის და მისი მომავლისთვის მნიშვნელოვანია, პარლამენტში ოპოზიცია იყოს“, – აღნიშნა კახა კახიშვილმა.
შეკითხვაზე, ნიშნავს თუ არა ეს იმას, რომ პარლამენტში მარტო დარჩენილმა „ქართულმა ოცნებამ“ შესაძლოა, ცდუნებას ვერ გაუძლოს, კახი კახიშვილმა განაცხადა, რომ „ქართული ოცნება“ გაძლებით ყველაფერს გაუძლებს, მაგრამ თავად ასეთი მოცემულობა არ არის სასურველი.
„გაძლებასა და არასასურველს შორის ძალიან დიდი განსხვავებაა. ბუნებრივია, უკეთესი იქნება, ოპოზიცია იყოს. ამასთან, თუ გავაანალიზებთ თუნდაც, „ქართული ოცნების“ მმართველობის პერიოდს, 2012-დან 2016 წლამდე და 2016-დან 2020 წლამდე პარლამენტს, გაგახსენდებათ ბევრი დეპუტატი, რომელიც პარლამენტში მმართველი გუნდისგან შევიდა და შემდგომში ოპოზიციაში გადავიდა. თუმცა, რა თქმა უნდა, ეს არ არის გამოსავალი და კარგია, ქვეყნის განვითარების პროცესში ოპოზიციამ მიიღოს საკუთარი როლი“, – განაცხადა კახა კახიშვილმა.