კახეთში სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს კოორდინაციას საგანგებო შტაბი გაუწევს
კახეთის რეგიონში საგანგებო შტაბი შეიქმნა, რომელიც სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს კოორდინაციას გაუწევს.
როგორც პირველი არხის ჟურნალისტი ადგილიდან იტყობინება, დაახლოებით ერთ საათში, საგანგებო შტაბის დღევანდელ სხდომაზე სტიქიის სალიკვიდაციო სამუშაოებს განიხილავენ, რომელსაც გარემოს დაცვისა და სოფლის მეურნეობის მინისტრი ლევან დავითაშვილი დაესწრება.
გუშინ დედაქალაქსა და კახეთის რეგიონში უამინდობამ პრობლემები შექმნა. კერძოდ, სტიქიის შედეგად ახმეტის რაიონის სამ სოფელში, ქისტაურში, ახშანსა და მატანში თითქმის სრულად განადგურდა ყურძნის მოსავალი. ამასთან, სტიქიამ დააზარალა თელავის მიმდებარე სოფლები შალაური, კისისხევი და ნასამხრალი.
ქალაქ თელავში უხვი ნალექი სანიაღვრე არხებმა ვერ გაატარა, რის გამოც დაიტბორა საცხოვრებელი სახლების პირველი სართულები და სარდაფები, ცენტრალურ ქუჩებზე დაზიანდა ასფალტის საფარი.