კახეთის გუბერნატორის ინფორმაციით, უხუცესებთან შეხვედრაზე პანკისის სპეცოპერაციაზე ისაუბრეს
პანკისის ხეობის სოფელ დუისში, უხუცესებისა და კახეთის გუბერნატორის შეხვედრა დასრულდა.
ირაკლი ქადაგიშვილის განცხადებით, შეხვედრა ინფორმაციულ ხასიათს ატარებდა და საუბარი ეხებოდა პანკისის ხეობაში ჩატარებულ სპეცოპერაციას.
როგორც კახეთის გუბერნატორმა აღნიშნა, მოხდა ინფორმაციების გაცვლა და ითქვა, რომ სახელმწიფოს სპეცსამსახურები ყველაფერს აკეთებენ, რათა ქვეყანაში დაცული იყოს მოქალაქეთა უსაფრთხოება.
მისივე ინფორმაციით, ანალოგიური შეხვედრის გამართვა კიდევ იგეგმება, მანამდე კი მოსახლეობას მოუწოდეს თავი შეიკავონ არაობიექტური განცხადებებისგან.