კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებულ აგროკრედიტის მომხმარებლებთან ბანკები ინდივიდუალურად იმუშავებენ
სტიქიის შედეგად დაზარალებულ ფერმერებთან ბანკები ინდივიდუალურად იმუშავებენ, – ამის შესახებ კახეთის გუბერნატორმა, ირაკლი ქადაგიშვილმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრის დასრულების შემდეგ, მედიასთან გამართულ ბრიფინგზე განაცხადა.
ირაკლი ქადაგიშვილმა საბანკო სექტორის წარმომადგენლებთან შეხვედრა პოზიტიურად შეაფასა.
„ბანკებისა და საფინანსო ორგანიზაციების წარმომადგენლებმა მზაობა გამოთქვეს, რომ ინდივიდუალურ რეჟიმში, იაფი აგროკრედიტის მომხმარებლებთან, რომელსაც შეეხო კონკრეტულად სტიქია, ინდივიდუალურ რეჟიმში გაიარონ საკითხი. თითოეული მომხმარებლის შემთხვევა არის ინდივიდუალური და მათი მოთხოვნებიც იქნება ასევე ინდივიდუალური. ამ შეხვედრამ შეიძლება ითქვას, რომ თავის მიზანს მიაღწია“, – განაცხადა ქადაგიშვილმა.
კახეთში სტიქიის შედეგად დაზარალებული მოსახლეობა მოსავლის მოყვანისათვის აღებული აგროკრედიტის გადავადების საკითხში ბანკებთან შუადგომლობას ხელისუფლებას სთხოვდა.
კახეთის გუბერნატორის განცხადებით, საბანკო სფეროს წარმომადგენლებთან შეხვედრის შემდეგ დაგეგმილია სადაზღვევო კომპანიებთან შეხვედრა,რათა უფრო მოქნილი და მოსახლეობის მოთხოვნებზე მორგებული სადაზღვევო სისტემა ჩამოყალიბდეს.