კახაბერ გვანცელაძე ლაბორატორიული კვლევის შედეგებამდე, 76-ე ბაღში სწავლის განახლებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს
კახაბერ გვანცელაძე ლაბორატორიული კვლევის შედეგებამდე, 76-ე ბაღში სწავლის განახლებას მიზანშეწონილად არ მიიჩნევს

ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელის, კახაბერ გვანცელაძის განცხადებით, ორხევში, 76-ე საბავშვო ბაღის ტერიტორიაზე, ნიადაგიდან ამოსული ბიოგაზი დაფიქსირდა.

გვანცელაძის თქმით, ბიოგაზი შესაძლოა, მომწამვლელი იყოს, რის გამოც ბაღში სწავლა ვერ იწყება.

მისივე განმარტებით, რამდენიმე უწყების რეკომენდაციაა, შეჩერდეს ბაღის ფუნქციონირება, ვიდრე ბიოგაზის კონკრეტული შემადგენლობა არ დადგინდება.

გვანცელაძის განცხადებით, ამ ეტაპზე ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს და პასუხების მიღების შემდეგ, ბაღების სააგენტო შესაბამისად იმოქმედებს.

„დაფიქსირდა, რომ არის ნიადაგიდან ამოსული ბიოგაზი, რომელიც შესაძლებელია, იყოს მომწამვლელი და საფრთხის შემცველი. ჩვენ რამოდენიმე უწყების პასუხი გვაქვს, რომ შევაჩეროთ ბაღის ფუნქციონირება, ვიდრე არ დადგინდება ამ გაზის კონკრეტული შემადგენლობა. ამ ეტაპზე გაზის ლაბორატორიული კვლევა მიმდინარეობს, როგორც კი გვექნება პასუხები, შესაბამისად ვიმოქმედებთ – ალტერნატიულ ფართში გადავიყვანთ ან გავაგრძელებთ იმავე ბაღში ფუნქციონირებას“,- განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.

გვანცელაძის ინფორმაციით, ბიოგაზის კონკრეტული შემადგენლობის დადგენას დაახლოებით ათი სამუშაო დღე სჭირდება.

„მაცხოვრებლების თქმით, საბჭოთა პერიოდში ნაგავსაყრელი იყო იმ ადგილას, სადაც ახლა ბაღია“, – აღნიშნა კახაბერ გვანცელაძემ.

შეგახსენებთ, ორხევში, 76-ე საბავშვო ბაღის აღსაზრდელთა მშობლების ნაწილი პროტესტს აგრძელებს. ისინი სასწავლო პროცესის დაუყოვნებლივ აღდგენას ითხოვენ. მათ დღეს კახეთის გზატკეცილი გადაკეტეს.

76-ე ბაღში სასწავლო პროცესი 2019 წლის 18 ნოემბერს, „თბილისი ენერჯის“ წარმომადგენლების რეკომენდაციით შეწყდა.