კახაბერ გვანცელაძე - აღმზრდელთა რეესტრის წარმოება, ბაზების მართვა მარტივი არ არის და ეფექტურობის ანალიზს მოითხოვს
აღმზრდელთა რეესტრის წარმოება, ბაზების მართვა მარტივი არ არის და ეფექტურობის ანალიზს მოითხოვს, – ამის შესახებ თბილისის საბავშვო ბაგა – ბაღების მართვის სააგენტოს ხელმძღვანელმა, კახაბერ გვანცელაძემ პირველი არხის გადაცემაში „აქტუალური თემა მაკა ცინცაძესთან ერთად“ სტუმრობისას განაცხადა.
„ასევე მნიშვნელოვანია, რამდენად ხარჯთეფექტური იქნება პროექტის მართვა. უნდა გაანალიზდეს ყველა რისკ–ფაქტორი. თუმცა, ბავშვთა უსაფრთხოებიდან გამომდინარე, ინიციატივა მისასალმებელია“, – განაცხადა გვანცელაძემ.
გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, რა მოთხოვნებს უნდა აკმაყოფილებდეს ძიძა იმისთვის, რომ მან საბავშვო ბაღში მუშაობის დაწყება შეძლოს, კახაბერ გვანცელაძემ აღნიშნა, რომ აღმზრდელ–პედაგოგები და აღმზრდელ–პედაგოგთა თანაშემწეები სამი ეტაპის გავლის შემდეგ საქმდებიან.
„თავიდან ხდება ელექტრონულ ბაზაში რეგისტრაცია, სადაც დასაქმების მსურველმა შემდეგი დოკუმენტაცია უნდა წარმოადგინოს – დიპლომი, სივი, ნარკოლოგიური ცნობა და ცნობა ნასამართლეობისა და ჯანმრთელობის შესახებ. მეორე ეტაპზე ისინი გასაუბრებას გადიან, მესამეზე კი ტესტირებას. ამის შემდეგ ქულების შეჯამება ხდება და მათთან ბაღები ხელშეკრულებას აფორმებენ“, – განაცხადა გვანცელაძემ.
მაკა ცინცაძის შეკითხვაზე, რამდენად საკმარისია ამ ეტაპების გავლა იმის დასადგენად, შეუძლია თუ არა აღმზრდელს ბავშვთან მუშაობა, კახაბერ გვანცელაძემ თქვა, რომ კვალიფიკაციის შესამოწმებლად სამი ეტაპი სრულიად საკმარისია, ხოლო იმისთვის, რათა გადაცდომები და სხვადასხვა პრობლემები არ წარმოიშვას, გარკვეული პრევენციები არსებობს.
„მაგალითად, მიმდინარეობს ვიდეო მონიტორინგი. არსებობს რეფერირების შესახებ კანონი, რომლის მიხედვითაც მსგავსი პრეცედენტების შემთხვევაში სოციალური მომსახურების სააგენტოსა და პოლიციას მივმართავთ“, – განაცხადა გვანცელაძემ.
შეკითხვაზე, იმის გათვალისწინებით, რომ დღესდღეობით ფსიქოს, ფორმა 100–სა და სხვა ცნობების აღება სირთულესა და საფუძვლიან გამოკვლევასთან დაკავშირებული არ არის, საჭიროა თუ არა საბავშვო ბაღებში დასაქმებული პერსონალისთვის, ან დასაქმების მსურველი პირებისთვის მოთხოვნების გამკაცრება, კახაბერ გვანცელაძემ თქვა, რომ ამ მიმართულებით პრევენციისთვის, სააგენტოს მედ–პერსონალი ყოველდღიურ რეჟიმში მუშაობს და ნებისმიერი ხარვეზის შემთხვევაში ისინი სათანადოდ რეაგირებენ.
„ასევე მნიშვნელოვანია ის, რომ ჩვენს ბაღებში თავად ფსიქოლოგები მუშაობენ და მათი პოზიციაც არსებობს. რაც შეეხება ჯანრთელობის ცნობას, მისი წარმოდგენა საბავშვო ბაღებში დასაქმებულ პირებს ერთჯერადად, ხელშეკრულების გაფორმების დროს ევალდებულებათ. თუმცა, ბოლო პრეცედენტიდან გამომდინარე გადაწყვეტილება მივიღე, თანამშრომლებმა ტუპერკულოზის ცნობა წელიწადში ერთხელ წარმოადგინონ“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.