კახაბერ გვანცელაძე - ინფიცირების შემთხვევა თბილისის 14 ბაღში დაფიქსირდა, მათგან 12 თანამშრომელი და ორი აღსაზრდელია
საბავშვო ბაგა-ბაღების მართვის სააგენტოს დირექტორის, კახაბერ გვანცელაძის ინფორმაციით, დღევანდელი მონაცემებით, კორონავირუსი 14 ბაღში დაფიქსირდა.
მისივე თქმით, ინფიცირებულთა შორის 12 თანამშრომელი, ორი კი აღსაზრდელია.
„სამწუხაროდ, 14 ბაღში დაფიქსირდა კოვიდინფიცირების შემთხვევა, მათ შორის, 12 თანამშრომელია და ორი ბავშვი, თუმცა ჩვენ ჩვეულებრივად ვაგრძელებთ მუშაობას. მაქსიმალურად კონტროლზე გვყავს აყვანილი და უსაფრთხოების ზომები ყველა ბაღში მაქსიმალურად დაცულია. ვასრულებთ იმ რეგულაციას, რაც მიღებულია ჯანდაცვის მინისტრის ბრძანების მიხედვით. მინდა გითხრათ, რომ დასწრებაც ნაკლებია, თუმცა მშობლებს ბავშვები ჩვეულებრივ დაჰყავთ ბაღებში. ორშაბათს ჩვენ არ გავხსენით ოთხი ბაღი და მას შემდგომ 10 ბაღი დავხურეთ. დღეს არც ერთი შემთხვევა გვქონია, ეს არის წინა დღეების შემთხვევები. ეს გახლავთ 36-ე, 99-ე, 89-ე, 53-ე , მე-4, 29-ე, 153-ე, 35-ე, მე-16, 21-ე, 72-ე, 93-ე, 190-ე ბაღები და ბაგა-ბაღი „ხუთკუნჭულა“. სიტუაცია კონტროლის ქვეშ არის და მართვადია. როდესაც თანამშრომელს ან აღსაზრდელს კოვიდინფექცია უდგინდება, ვუკავშირდებით „112“-ს და ბაღი იხურება“, – განაცხადა კახაბერ გვანცელაძემ.