კახა კუკავამ ერთ-ერთ ოჯახს წნევის მარეგულირებელი პრეპარატი საბაზრო ფასზე იაფად გადასცა
პარტია „თავისუფალი საქართველო“ საქართველოში მედიკამენტების მონოპოლიური ფასების წინააღმდეგ კამპანიას აგრძელებს. პარტიის ლიდერმა კახა კუკავამ წნევის მარეგულირებელი ერთ-ერთი პრეპარატი გოდერძიშვილების ოჯახს დღეს პირადად გადასცა. გერა გოდერძიშვილმა მედიკამენტი „თავისუფალი საქართველოს“ ელექტრონულ აფთიაქში სამჯერ უფრო დაბალ ფასში შეიძინა, ვიდრე ის ბაზარზე არსებულ აფთიაქებში იყიდება.
პარტიის ინიციატივა ფართოდ მოხმარებადი მედიკამენტების მეზობელი ქვეყნებიდან იმპორტსა და მოქალაქეებისთვის თვითღირებულებაში გადაცემას გულისხმობს. დაინტერესებული პირები წამლებს ქართულ აფთიაქებთან შედარებით მესამედ ფასში იღებენ. კუკავას თქმით, აღნიშნული პროგრამა მონოპოლიური ფასების შემცირებას გამოიწვევს.
ამჟამად იაფი მედიკამენტების პროგრამა საპილოტე რეჟიმში ხორციელდება, რაც საცალო, სადემონსტრაციო მიწოდებას გულისხმობს. პარტია ჯანდაცვის სამინისტროსგან წამლების იმპორტისა და რეალიზაციის ნებართვის მოლოდინშია, რომლის მიღების შემდეგ „თავისუფალი საქართველო“ იაფი მედიკამენტებით მომარაგებას ქვეყნის მასშტაბით გეგმავს.