კახა კუკავა - რელიგიურ ორგანიზაციებზე, რომლებმაც სსიპ-ის სტატუსი მიიღეს, იგივე კანონი უნდა გავრცელდეს, რაც პოლიტიკურ პარტიებზე
კახა კუკავა - რელიგიურ ორგანიზაციებზე, რომლებმაც სსიპ-ის სტატუსი მიიღეს, იგივე კანონი უნდა გავრცელდეს, რაც პოლიტიკურ პარტიებზე

რელიგიურ ორგანიზაციებზე, რომლებმაც სსიპ-ის სტატუსი მათივე თხოვნით მიიღეს, იგივე კანონი უნდა გავრცელდეს, რაც პოლიტიკური პარტიების მიმართ არსებობს, – განაცხადა საქართველოს პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ პირველი არხის გადაცემაში „დებატები 2018“.

„მაგალითად, მე რომ ვინმე შემომწირველს მოვეწონო და ხუთი ლარი მომცეს, ვალდებული ვარ, სახელმწიფო აუდიტის სამსახურში ხუთი თაბახის ფურცელი მივიტანო და ამის დეკლარირება მოვახდინო. მეორე, მაქვს აკრძალვა, რომ ეს დაფინანსება არ უნდა მივიღო საზღვარგარეთიდან და არ უნდა მივიღო ერთი პირისგან, რაღაც გარკვეულ რაოდენობაზე მეტი. ამ რელიგიური ორგანიზაციების დაფინანსებაც გამჭვირვალე უნდა იყოს და მათ უნდა აეკრძალოთ პროზელიტიზმი, ანუ მრევლის მოსყიდვა, მაკარონის საფასურად იქნება ეს თუ შაქრის, ისევე, როგორც ჩვენ გვეკრძალება ამომრჩევლის მოსყიდვა“, – განაცხადა კახა კუკავამ.

მისი თქმით, საქართველო და მართლმადიდებლური სახელმწიფოობა ერთი იდენტობის ნაწილია, ჩვენ მუდმივად ვიყავით სხვა, დიდი ქვეყნებისა და დიდი რელიგიების მხრიდან ექსპანსიის ობიექტი და უნდა გვესმოდეს, რომ თუ რაღაც თამაშის წესები არ იქნა შეთანხმებული, საქართველოს მართლმადიდებელი ეკლესია კლასიკური პრინციპით რომ ვთქვათ, თავისუფალ ბაზარზე თურქული, ან ირანული ისლამის, თუ კათოლიკური ეკლესიის კონკურენტი ვერ იქნება.

„ჯერჯერობით, იმას, რასაც პირდაპირ მაკარონის და შაქრის დარიგება ჰქვია, „იეღოვას მოწმეები“ ეწევა. თუმცა, ამან შეიძლება იმხელა პრობლემები ვერ შექმნა, რაც შესაძლოა, ტრადიციულმა კონფესიებმა შექმნან და რამდენიმე რეგიონში შექმნეს კიდეც“, – განაცხადა კუკავამ.

როგორც პრეზიდენტობის კანდიდატმა აღნიშნა, მიესალმება იმას, რომ საქართველოში ყველა ტრადიციულ რელიგიას და კონფესიას საქმიანობის თანაბარი საშუალება ჰქონდეს და პროზელიტიზმის აკრძალვა, მათ შორის, მართლმადიდებელ ეკლესიაზეც უნდა გავრცელდეს.

გადაცემის წამყვანის შეკითხვაზე, როგორ შეიძლება განიმარტოს ის, რაც მის საარჩევნო პროგრამაში წერია, რომ დასავლეთიდან საქართველომ ყველაფერი საუკეთესო უნდა გადმოიღოს, მაგრამ არავითარ შემთხვევაში ის, რაც საშიში და მიუღებელია, კახა კუკავამ აღნიშნა, რომ არის ფუნდამენტური ევროპული ღირებულებები, რაც საქართველოს სჭირდება და რომლებიც იმპლემენტირებული არ არის, მაგრამ არის საკითხები, სადაც ფუნდამენტური განსხვავებებია და ამას არ უნდა შევხედოთ, როგორც მარქსიზმს.

„მაგალითად, საქართველოში ყველაზე უფრო ფართო დისკუსია გამოიწვია ანტიდისკრამინაციულმა კანონმა, ლგბტ თემის უფლებების რეგულირების საკითხებმა, კონსტიტუციაში ოჯახის სტატუსის ასახვამ და ა.შ. თუ იტალიას, უნგრეთსა და სხვა ქვეყნებს აქვთ იმის უფლება, რაღაც საკითხებში მარცხნივ ან მარჯვნივ გადაუხვიონ, ჩვენ მით უფრო გვაქვს, რადგან ევროკავშირის წევრი ქვეყანა არ ვართ. ვფიქრობ, ქართულ კანონმდებლობაში ჯერ ის უნდა ავსახოთ, რაც ბევრად უფრო ფუნდამენტური ღირებულებაა და მერე ვიფიქროთ იმაზე, რაც ევროპაშიც სადავოა“, – განაცხადა კახა კუკავამ.

კახა კუკავამ ასევე განაცხადა, რომ ის ერთ-ერთი პირველი იყო, ვინც მომხმარებლების ციხეში ჩასმის წინააღმდეგ გამოდიოდა, მაგრამ ციხეში ჩასმა ერთი უკიდურესობაა, მეორე უკიდურესობა კი ისაა, ვთქვათ, რომ კანაფი და მარიხუანა კიტრი და პამიდორია და სახელმწიფომ ამაზე არანაირი რეგულაციები არ უნდა დააწესოს.