კახა კუკავა - პირობას ვაძლევ კონკურენტებს, რომ დებატების დროს ნახევარი ძალით დავარტყამ
პარტია „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატი კახა კუკავა კონკურენტებს მოუწოდებს, დათანხმდნენ დებატებს და მათ მიმართ არსებულ კითხვებს პასუხი გასცენ.
პრეზიდენტობის კანდიდატის თქმით, ის ყველა კანდიდატთან თანახმაა დებატებზე, მის შეთავაზებას კი ჯერ მხოლოდ ზურაბ ჯაფარიძე გამოეხმაურა.
„მე ვარ ერთ-ერთი გამონაკლისი პრეზიდენტობის კანდიდატებიდან, რომელმაც ვთქვი, რომ მზად ვარ ყველასთან დებატებზე, ნებისმიერთან დებატებზე. ერთადერთი თანხმობა ამ ეტაპზე ვისგანაც მოგვივიდა, ეს არის ზურაბ ჯაფარიძე. დღეს დამირეკეს საზოგადოებრივი მაუწყებლის რედაქციიდან. დანარჩენი კანდიდატები დაიმალნენ. ახლა როგორც ბაში-აჩუკშია, ერთ წრეს კიდევ დავარტყამ და კიდევ ერთხელ ვეტყვი, რომ სალომე ზურაბიშვილი უნდა მოვიდეს დებატებზე და პასუხი უნდა გასცეს, ჯაბა იოსელიანისა და შევარდნაძის მხარდამხარ ებრძოდა თუ არა ზვიად გამსახურდიას. ვაშაძე უნდა მოვიდეს ამ დებატებზე და პასუხი უნდა გაგვცეს, იმ დროს, როდესაც რუსული ტანკები დაჯლიგინებდნენ ჩვენს ტერიტორიაზე, ედო თუ არა ჯიბეში რუსული პასპორტი. აგრეთვე, ეს შეკითხვები არის დავით უსუფაშვილთან და სხვა კანდიდატებთანაც. მოვუწოდებ მათ, ნუ დაიმალებიან, მაინც დაისმება ეს შეკითხვები. არ დაისმება საზოგადოებრივი არხის ეთერში, ქუჩაში დაისმება, მათ ოფისებთან დაისმება და ქართველი ხალხი ამ შეკითხვებზე პასუხს მაინც მიიღებს“, – განაცხადა კახა კუკავამ.
როგორც კახა კუკავამ პირველ არხს განუცხადა მან დებატებში მონაწილეობა შესთავაზა სალომე ზურაბიშვილს, გრიგოლ ვაშაძეს, დავით ბაქრაძეს, შალვა ნათელაშვილს, დავით უსუფაშვილს.
„ჯერ დადებითი პასუხი გაგვცა მხოლოდ ჯაფარიძემ. დანარჩენი კანდიდატები ინარჩუნებენ დუმილს და პირობას ვიძლევი, როგორც ამბობს იასონი „პირველ მერცხალში“, ნახევარი ძალით დავარტყამ ბატონო!“, – აღნიშნა კახა კუკავამ.
პირველი არხი არჩევნებში მონაწილე კანდიდატებს შესაძლებლობას აძლევს, გამოიწვიონ ერთმანეთი დებატებში და კანდიდატების შეთანხმების შემთხვევაში, მზად არის, მათ საეთერო დრო დაუთმოს: ხუთშაბათს, 4 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 8 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; სამშაბათს, 9 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 11 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს, 15 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ხუთშაბათს, 18 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; ორშაბათს 22 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე; სამშაბათს, 23 ოქტომბერს, 22:00-23:00 საათზე და ხუთშაბათს, 25 ოქტომბერს 22:00-23:00 საათზე.
პირველი არხი საეთერო დროს ყველა საპრეზიდენტო კანდიდატს თანაბრად უთმობს. 28 ოქტომბრამდე საზოგადოებრივი მაუწყებლის ეთერში მაყურებელს საშუალება ექნება, საპრეზიდენტო კანდიდატებს სამ სხვადასხვა ფორმატში გაეცნოს.