კახა კუკავა - პარტიულ შეკრებაზე გადავწყვეტთ, დავუჭერთ თუ არა მხარს მეორე ტურში რომელიმე კანდიდატს
„თავისუფალი საქართველო“ პარტიაში კონსულტაციების შემდეგ გადაწყვეტს, დაუჭერს თუ არა მხარს რომელიმე საპრეზიდენტო კანდიდატს არჩევნების მეორე ტურში.
როგორც „თავისუფალი საქართველოს“ პრეზიდენტობის კანდიდატმა, კახა კუკავამ განაცხადა, მის სიმპათიას არც „ქართული ოცნების“ მხარდაჭერილი კანდიდატი სალომე ზურაბიშვილი იწვევს და არც „ნაციონალური მოძრაობის“ კანდიდატი გრიგოლ ვაშაძე, თუმცა გადაწყვეტილებას მხარდაჭერაზე ერთპიროვნულად არ მიიღებს.
„უახლოეს დღეებში გვექნება პარტიული შეკრება, სადაც ამ საკითხს პარტნიორ პარტიებთან ერთად განიხილავთ. ჩემი პირადი განწყობაა, რომ არც ერთი კანდიდატის მიმართ სიმპათია არ გამაჩნია, თუმცა მარტო არ მივიღებ ამ გადაწყვეტილებას. შევიკრიბებით 3-4 დღეში ერთად და გადავწყვეტთ. ჩვენი მთავარი გეგმა არ არის მეორე ტური, ჩვენი გეგმა არის, საქართველოში ჩამოვაყალიბოთ მესამე პოლიტიკური ცენტრი, რომელიც დაფუძნებული იქნება ეროვნულ, ტრადიციულ ფასეულობებზე. რაც მთავარია, ეს უნდა იყოს თანამედროვე პოლიტიკური ინფრასტრუქტურა“, – აღნიშნა კუკავამ.
მისი ინფორმაციით, დაახლოებით ერთ თვეში „თავისუფალი საქართველო“ კონფერენციას გამართავს, რომელზეც მოიწვევს როგორც პარტიებს, ასევე სამოქალაქო სექტორის წარმომადგნლებს, იმ ძალებსა და ადამიანებს, რომლებიც არც „ნაციონალურ მოძრაობას“ უჭერენ მხარს და არც „ქართულ ოცნებას“.