კახა კუკავა - არასერიოზულია, როცა მამუკა ხაზარაძე საუბრობს ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის დასრულებაზე
კახა კუკავა - არასერიოზულია, როცა მამუკა ხაზარაძე საუბრობს ქვეყანაში არაფორმალური მმართველობის დასრულებაზე

ცირკია ქართული პოლიტიკა, აი იმან რომ თქვა ტატამია, ტატამიო, ისე, – ასე ეხმაურება პარტია „თავისუფალი საქართველოს“ ლიდერი კახა კუკავა მამუკა ხაზარაძის გადაწყვეტილებას.

პოლიტიკოსი მამუკა ხაზარაძის მიერ ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნება არასერიოზულს უწოდებს, თავად ხაზარაძეს კი ქვეყნის მთავარ მევახშედ მოიხსენიებს.

კახა კუკავას აზრით, საქართველოში ოლიგარქის მმართველობა უნდა დასრულდეს, ოღონდ ეს თანაბრად უნდა შეეხოს ივანიშვილსაც, ხაზარაძესაც და ყველა ადამიანს, რომელიც მიიჩნევს, რომ დაგროვილი კაპიტალით ამომრჩეველთა ყიდვას შეძლებს.

„მთავარი პრობლემა, როგორც ყველა ამბობს, არის ოლიგარქის არაფორმალური მმართველობა და ამის წინააღმდეგ საბრძოლველად მოდის ქვეყნის მთავარი მევახშე. არასერიოზულია, როცა მამუკა ხაზარაძე საუბრობს, რომ უნდა დასრულდეს ქვეყანაში ოლიგარქის არაფორმალური მმართველობა, ეს დაახლობით ისეთივე რამ არის, ჭრილობაზე, რომ მარილი მოაყარო ადამიანს და ამით უმკურნალო“,- განუცხადა კუკავა საქართველოს პირველ არხს.

„თიბისი ბანკის“ დამფუძნებელმა, მამუკა ხაზარაძემ დღეს განაცხადა, რომ სექტემბერში ახალ საზოგადოებრივ მოძრაობას აფუძნებს. „მიზანშეწონილად მივიჩნევ, ახალი საზოგადოებრივი მოძრაობის დაფუძნებას, სადაც გაერთიანდებიან სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლები, ისინი, ვისაც გააერთიანებს საქართველოში თანამედროვე დასავლური ყაიდის სახელმწიფოს მშენებლობის იდეა, რომელსაც ექნება ყველაზე კონკურენტული და ძლიერი ეკონომიკა რეგიონში და სადაც იზეიმებს კანონის უზენაესობა“, – დაწერა „ფეისბუქის“ გვერდზე მამუკა ხაზარაძემ.