კახა კუჭავამ ანა ნაცვლიშვილს მიმართა - საწინააღმდეგო არაფერი გვაქვს, თუ საჭიროა, ჩვეულებრივად ვიმუშავებთ, მაგრამ ოპოზიციის 90 პროცენტი კანდიდატებად ხართ წარდგენილი რეგიონებში
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ ციხეებში არსებულ ვითარებაზე ოპოზიციონერი დეპუტატის ანა ნაცვლიშვილის საპასუხოდ განაცხადა, რომ არავითარი საგანგაშო და სავალალო მდგომარეობა არ არსებობს.
მისივე თქმით, პატიმართა მხოლოდ ერთი პროცენტია კოვიდინფიცირებული. ამასთან, კუჭავამ ბიუროს სხდომაზე აღნიშნა, რომ ციხეებში ვაქცინაცია საკმაოდ კარგი ტემპით მიმდინარეობს.
„რაც შეეხება ციხეებში არსებულ მდგომარეობას, იუსტიციის მინისტრმა გასცა ამაზე პასუხი და საუბარი არის თუ არ ვცდები, 90 შემთხვევაზე, რომელიც ერთ პროცენტს წარმოადგენს. არანაირი სავალალო და საგანგაშო სიტუაციაზე საუბარი არ არსებობს, სრულად კონტროლის ქვეშაა. მათ შორის ვაქცინაცია მიმდინარეობს საკმაოდ კარგი ტემპით“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
რაც შეეხება არჩევნების გამო პარლამენტის საქმიანობის ერთი თვით შეჩერების საკითხს, კუჭავამ ნაცვლიშვილს განუმარტა, რომ ოპოზიციიდან, მათ შორის მათი ფრაქციიდან თითქმის ყველა კანდიდატებად არიან წარდგენილი რეგიონებში და სხდომების ჩატარების შემთხვევაში, უკმაყოფილოები იქნებოდნენ.
„ჩვენ არა გვაქვს არანაირი წინააღმდეგობა, თუ საჭიროა, ჩვეულებრივად ვიმუშავებთ. მაგრამ რეალურად მაინტერესებს, იმ ოპოზიციური წარმომადგენლების აზრიც თუ გაითვალისწინეთ, ვინც რეგიონებში არიან კანდიდატებად. ოპოზიციის 90 პროცენტი კანდიდატებად ხართ წარდგენილი რეგიონებში, თუ დაგავიწყდათ? შემდეგ საყვედური მივიღოთ, რომ მაშინ დანიშნეთ სხდომები, როდესაც იცოდით, რეგიონებში ვიყავით წარდგენილი კანდიდატებადო? მათ შორის თქვენივე ფრაქციიდან თითქმის ყველა კანდიდატია, ეს რეალობაა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
ოპოზიციონერი დეპუტატი ანა ნაცვლიშვილი კი აცხადებს, რომ მისი ფრაქციიდან რეგიონში მხოლოდ ერთ კანდიდატია წარდგენილი.
„როგორ გეკადრებათ, ჩემი ფრაქციიდან ერთადერთი კანდიდატია. თქვენ ახლა გინდათ, ოპოზიციას გადააბრალოთ პასუხისმგებლობა, რომ პარლამენტს მუშაობა არ უნდა“, – განაცხადა ანა ნაცვლიშვილმა.
პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავამ განაცხადა, რომ თვითმმართველობის არჩევნებიდან გამომდინარე, პარლამენტი საქმიანობას ერთი თვით შეაჩერებს. მისივე თქმით, 7-8 სექტემბერს პლენარული სხდომები გაიმართება, რის შემდეგაც საქმიანობა დროებით შეჩერდება.