კახა კუჭავა - ტაქსის მრიცხველების დამონტაჟების ვალდებულებაზე საუბარი ჯერ ნაადრევია
პარლამენტის გარემოს დაცვის კომიტეტის თავმჯდომარის, კახა კუჭავას განცხადებით, თბილისში ტაქსის მრიცხველების დამონტაჟების ვალდებულებაზე საუბარი, ამ ეტაპზე, ნაადრევია.
პირველ არხთან საუბარში კახა კუჭავა „ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებს განმარტავს და აცხადებს, რომ საწყის ეტაპზე, დაგემილია მხოლოდ ტაქსების რეგისტრაცია, რაც არანაირ ზედმეტ დანახარჯს ან ტაქსების რაოდენობის შემცირებას არ ითვალისწინებს.
„საუბარია ტაქსების რეგისტრაციაზე, რომ შემდეგი ნაბიჯები გაცილებით სწორად დაიგეგმოს. მთავარი მიზანია, შესაბამისი მომსახურების ხარისხის გაზრდა, მოძრაობის განტვირთვა და საცობების შემცირება. რაც შეეხება მრიცხველს, ეს სავარაუდოდ, მესამე ეტაპზე იქნება წარმოდგენილი. დღეს ამაზე მსჯელობა არ არის და ნებისმიერი სახის მრიცხველზე საუბარი ნაადრევია“, – განაცხადა კუჭავამ.
„ადგილობრივი თვითმმართველობის კოდექსში“ დაგეგმილ ცვლილებებზე დღეს პარლამენტის იურიდიულ საკითხთა კომიტეტის სხდომაზე იმსჯელეს. ცვლილებები სხვა საკითხებთან ერთად, თბილისში მსუბუქი ავტომობილით-ტაქსით გადაყვანაზე ნებართვების გაცემის საკითხს ითვალისწინებს.