კახა კუჭავა - სენატის კანონპროექტში ხსენებაც არ არის 15 პროცენტის შეზღუდვაზე, რომელიც თავის დროზე სპეკულაციის საგანი გახდა
კახა კუჭავა - სენატის კანონპროექტში ხსენებაც არ არის 15 პროცენტის შეზღუდვაზე, რომელიც თავის დროზე სპეკულაციის საგანი გახდა

აშშ-ის სენატის კანონპროექტის შედეგად ვიღებთ უპრეცედენტო დახმარებას, – ამის შესახებ საქართველოს პარლამენტის ვიცე-სპიკერმა, კახა კუჭავამ სენატის ასიგნებათა კომიტეტის კანონპროექტზე კომენტირებისას განაცხადა.

მისი თქმით, დოკუმენტში ნახსენებიც აღარ არის დახმარების 15 პროცენტის შესაძლო შეზღუდვის დათქმა, რომელიც პირვანდელ ვარიანტში იყო ჩაწერილი.

„საინტერესოა, სენატის კანონპროექტს და ასეთ შედეგებს რა პასუხს გასცემდნენ ოპოზიციის წარმომადგენლები, რომლებიც რამდენიმე თვის წინ ძალიან ხმამაღლა და სხვათა შორის, სიამაყით ამბობდნენ, საქართველოს თითქოს სანქციები დაუწესესო. ეს იყო ტყუილი და მაშინაც ვამბობდი, რომ ამის დაჯერება არ შეიძლებოდა, რადგან ეს არის პროცესი. ვნახეთ სენატის კანონპროექტი, სადაც საერთოდ ხსენება არ არის 15 პროცენტის შეზღუდვაზე, რომელიც თავის დროზე სპეკულაციის საგანი გახდა. ამ კანონპროექტის შედეგად ვიღებთ უპრეცედენტო დახმარებას. ამას არჩევნებს არ დავუკავშირებ. ფაქტია, რომ ჩვენ სექტემბერში სამდივნოს ანგარიში ვნახეთ საინვესტიციო გარემოსთან დაკავშირებით, სადაც ბევრ საკითხზე პოზიცია დააფიქსირეს და ერთ-ერთი ის თემა იყო, რომელიც უკავშირდებოდა ქვეყნის დემოკრატიულ განვითარებას. ალბათ, იმ ანგარიშმაც გავლენა მოახდინა“, – განაცხადა კახა კუჭავამ.

აშშ-ის სენატის ასიგნებათა კომიტეტმა 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტების პაკეტი გამოაქვეყნა. 12 დოკუმენტს შორის არის საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტიც, რომლითაც საქართველოსთვის სულ მცირე 132 მილიონი დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.

ამასთან, საქართველოს საგარეო საქმეთა მინისტრის, დავით ზალკალიანის ინფორმაციით, სენატის ასიგნებათა კომიტეტის მიერ დამტკიცებულ კანონპროექტში აღარ არის დათქმა 15-პროცენტიან შეზღუდვაზე.