აშშ-ის სენატის ასიგნებათა კომიტეტმა 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტების პაკეტი გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსთვის სულ მცირე 132 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს
აშშ-ის სენატის ასიგნებათა კომიტეტმა 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტების პაკეტი გამოაქვეყნა, რომელიც საქართველოსთვის სულ მცირე 132 მილიონი დოლარის გამოყოფას ითვალისწინებს

აშშ-ის სენატის ასიგნებათა კომიტეტმა 2021 წლის საბიუჯეტო კანონპროექტების პაკეტი გამოაქვეყნა. 12 დოკუმენტს შორის არის საგარეო ოპერაციების დაფინანსების შესახებ კანონპროექტიც, რომლითაც საქართველოსთვის სულ მცირე 132 მილიონი დოლარის გამოყოფაა გათვალისწინებული.

კერძოდ, ასიგნებათა კომიტეტის მიერ გამოქვეყნებული პროექტის თანახმად, საქართველოსთვის გათვალისწინებულია სულ მცირე 132 025 000 დოლარის დაფინანსების გამოყოფა. დოკუმენტში საუბარია საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზეც.

კანონპროექტის თანახმად, ნათქვამია, რომ დოკუმენტით გათვალისწინებულ დაფინანსებას ვერ მიიღებს იმ ქვეყნის ცენტრალური მთავრობა, რომელიც სახელმწიფო დეპარტამენტის ანგარიშის თანახმად, აღიარებს რუსეთის მიერ ოკუპირებული ქართული ტერიტორიების, აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის დამოუკიდებლობას ან/და აღნიშნულ რეგიონებთან დიპლომატიური ურთიერთობები აქვს დამყარებული. დოკუმენტის თანახმად, სახელმწიფო მდივანმა ასეთი ცენტრალური მთავრობების სია დროულად უნდა გამოაქვეყნოს სახელმწიფო დეპარტამენტის ვებგვერდზე. ამასთან, აღნიშნულია, რომ სახელმწიფო მდივანმა შესაძლოა, უარი თქვას აღნიშნული პუნქტით გათვალისწინებული დახმარების შეზღუდვაზე, თუკი ეს აშშ-ის ინტერესებს შეესაბამება.

ასევე, აღნიშნული კანონპროექტით გამოყოფილი რამე დაფინანსება არ შეიძლება გამოყენებული იყოს რუსეთის მიერ აფხაზეთისა და ცხინვალის რეგიონის ოკუპაციის მხარდასაჭერად.

დოკუმენტის მიხედვით, სახაზინო მდივანმა თითოეული საერთაშორისო ფინანსური ინსტიტუტის აღმასრულებელ დირექტორს უნდა მისცეს ინსტრუქცია, გამოიყენონ ხმა, რათა წინააღმდეგობა გაუწიონ ისეთი პროგრამების მხარდაჭერას, რომელიც არღვევს საქართველოს სუვერენიტეტსა და ტერიტორიულ მთლიანობას.