კახა კუჭავა - როგორც ჩანს, საპროკურორო საბჭომ გენერალური პროკურორობის უფრო ძლიერი კანდიდატი ვერ შეარჩია
მიდიოდა გასაუბრების პროცესი, ბევრი კანდიდატი იყო და როგორც ჩანს, საპროკურორო საბჭომ სხვა უფრო ძლიერი კანდიდატი ვერ შეარჩია, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარის მოადგილემ, კახა კუჭავამ გენერალურ პროკურორად ირაკლი შოთაძის დამტკიცების შესახებ საქართველოს პირველი არხის გადაცემაში „თავისუფალი ხედვა“ განაცხადა.
„ჩვენ თუ ვამბობთ იმ ფაქტს, რომ ირაკლი შოთაძის უშუალო ხელმძღვანელობით გახმაურებული, დაუსრულებელი, ძალიან რთული საქმეების გამოძიება მოხდა, რაც წარმატებულად ითვლებოდა, ეს მისი პირადი მიღწევაც არის, როგორც ამ უწყების ხელმძღვანელის. იყო გარკვეული ხარვეზები, რომელზეც მან პასუხისმგებლობა აიღო, მაგრამ ხომ არსად არ წასულა მისი ჩართულობით განხორციელებული რეფორმები და წინსვლა, რომელიც გენერალურ პროკურატურას ჰქონდა?! იყო ძალიან ბევრი მისასალმებელი საქმე, ბევრი საინტერესო და წარმატებული რეფორმა, რომელიც გააკეთა და ეს მასთან ერთად რჩება. თუ საპროკურორო საბჭომ გადაწყვიტა, რომ ირაკლი შოთაძე სხვაზე ძლიერი კანდიდატი იყო და საბოლოოდ, იურიდიულ კომიტეტში ასე წარმოადგინა მისი კანდიდატურა, ეს მათი გადაწყვეტილება იყო“, – განაცხადა კუჭავამ.
ამ განცხადებით დეპუტატმა გადაცემის წამყვანის შეკითხვას უპასუხა, რატომ ბრუნდება უწყების ხელმძღვანელად ირაკლი შოთაძე, რომლის ხელმძღვანელობის პირობებში მთავარმა პროკურატურამ ვერ უზრუნველყო კონკრეტული საქმის გამოძიება, რაც შემდეგ სხვა ინსტიტუციამ უზრუნველყო და სად წავიდა ირაკლი შოთაძის პასუხისმგებლობა, რომელიც მან პროცესში არსებული ხარვეზების გამო აიღო.
შეკითხვაზე, რატომ არ წარმოადგინა ირაკლი შოთაძემ მთავარი პროკურორის გრძელვადიანი სამოქმედო გეგმა და რამდენად სწორია ის, რომ ადამიანი, რომელიც ინსტიტუციას სამი წლის განმავლობაში მართავდა და სისტემას შიგნიდან იცნობს, ჯერ კიდევ საჭიროებს ინსტიტუციაში შესვლას, კახა კუჭავამ განაცხადა, რომ ირაკლი შოთაძემ ძალიან ბევრ დეტალზე ისაუბრა, თუ რას აპირებს და როგორ აპირებს პროკურატურის საქმიანობის გაუმჯობესებას.
„სამოქმედო გეგმა ეს არის კონკრეტული ნაბიჯები კონკრეტულ ვადაში და კონკრეტული შედეგით, რაც უნდა დაიდოს. ადამიანმა, რომელიც თითქმის, ორი წელია, აღარ არის ამ უწყებაში, არ იცის, იქ რა როგორ განვითარდა. ჩემთვის პირიქით, არასერიოზული ის იქნებოდა, ირაკლი შოთაძე დღეს რომ მოსულიყო და დეტალური გეგმა ეთქვა, ამ ვადებში ამას ვიზამო. ვიღაცისთვის მოლოდინი შეიძლება, ერთი თვე იყოს, ვიღაცისთვის კი ცოტა მეტი, მაგრამ მას რაღაც ვადა დასჭირდება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.