კახა კუჭავა - პარლამენტის სპიკერების საერთაშორისო კონფერენციამ მოგვცა საშუალება, პარტნიორ ქვეყნებთან გვესაუბრა ყველა იმ საკითხზე, რომლებიც საქართველოს დღის წესრიგშია
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭა ვენაში გამართულ პარლამენტის სპიკერების საერთაშორისო კონფერენციას საინტერესოს და შედეგიანს უწოდებს.
მისი თქმით, კონფერენციის ფარგლებში გამართულ ორმხრივ შეხვედრებზე ისაუბრეს ყველა იმ საკითხზე, რომლებიც საქართველოს დღის წესრიგშია.
კახა კუჭავამ განსაკუთრებით გამოყო ავსტრიის პარლამენტის სპიკერთან ბოლო შეხვედრა, რომელიც დღეს გაიმართა.
„დასრულდა რიგით მეხუთე საერთაშორისო კონფერენცია, რომელშიც მონაწილეობდნენ მსოფლიოს პარლამენტთა სპიკერები. ძალიან საინტერესო და შედეგიანი სამდღიანი კონფერენცია ორმხრივი შეხვედრებით, რომელმაც მოგვცა საშუალება, ყველა ჩვენს პარტნიორ ქვეყანასთან, მათთან, ვინც დაინტერესებულია საქართველოში განვითარებული მოვლენებით, გვესაუბრა ყველა იმ საკითხზე, გამოწვევაზე, რომლის წინაშეც დგას არა მხოლოდ საქართველო, არამედ მსოფლიო. პანდემიიდან დაწყებული, რა თქმა უნდა, დეოკუპაციის საკითხი და ბევრი სხვა მნიშვნელოვანი საკითხი, რომელიც საქართველოს დღის წესრიგში დგას. განსაკუთრებით გამოვყოფდი ავსტრიის პარლამენტის სპიკერთან ბოლო შეხვედრას, რომელიც დღეს გაიმართა. ჩვენი ქვეყნის დიდი მეგობარია და იყო ყველა იმ საკითხზე მსჯელობა, რომელიც წარმოადგენს ჩვენ ორ ქვეყანას შორის ურთიერთობების საპარლამენტო დონეზე განსაკუთრებით გაღრმავების ძალიან კარგ შესაძლებლობას.
ვიტყოდი, რომ ზოგადად, საპარლამენტო დიპლომატიის შესაძლებლობების ბოლომდე გამოყენება ნამდვილად წარმოადგენს ჩვენს პრიორიტეტს. იქნება ბევრი სხვა ღონისძიებაც, სადაც საქართველო აქტიურად იქნება წარმოდგენილი. ჩვენ ხშირად გვქონდა ჩემს კოლეგებთან ზუმით ან სხვადასხვა ფორმატით შეხვედრები, მაგრამ, რა თქმა უნდა, შეუცვლელია პირისპირ შეხვედრები. პირისპირ შეხვედრების დროს მოსმენილი მათი ძალიან მყარი მხარდაჭერა საქართველოს ევროატლანტიკური მისწრაფების მიმართ განსაკუთრებით მნისლშვნელოვანი იყო. ისინი გვერდში გვიდგანან, ელოდებიან ჩვენგან იმ ამბიციური რეფორმების განხორციელებას, გეგმების აღსრულებას, რომელიც ჩვენ გვაქვს დღის წესრიგში დაგეგმილი. დარწმუნებული ვართ, მათ შორის მათი მხარდაჭერით და ჩვენი მუშაობით, შევძლებთ საბოლოოდ მიზნის მიღწევას“, – აღნიშნა კახა კუჭავამ.