კახა კუჭავა ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრ ედგარს რინკევიჩს შეხვდა
საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე ლატვიის საგარეო საქმეთა მინისტრს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, მხარეებმა ორ ქვეყანას შორის არსებულ მჭიდრო პარტნიორულ ურთიერთობებზე და ლატვიისა და საქართველოს მრავალწლიან მეგობრობაზე ისაუბრეს.
„შეხვედრაზე, განხილულ იქნა ქვეყნებს შორის ორმხრივ და მრავალმხრივ ფორმატებში თანამშრომლობის პერსპექტივები როგორც პოლიტიკური, ისე ეკონომიკური მიმართულებით. საუბარი შეეხო ნატოს „ღია კარის პოლიტიკას“ და რეგიონში უსაფრთხოების კუთხით, საქართველოს ნატო-ში გაწევრების აუცილებლობას. ხაზგასმით აღინიშნა განაცხადი, რომელსაც საქართველო 2024 წელს ევროკავშირის წევრობაზე გააკეთებს“, – აღნიშნულია პარლამენტის ინფორმაციაში.
კახა კუჭავას თქმით, ამ მიმართულებით ლატვიის მხარდაჭერა და გამოცდილება მნიშვნელოვანია. პარლამენტის თავმჯდომარემ მადლობა გადაუხადა საგარეო საქმეთა მინისტრს საქართველოს ევროპული და ევროატლანტიკური მისწრაფებების, ტერიტორიული მთლიანობის მტკიცე და მუდმივი მხარდაჭერისთვის.