კახა კუჭავა - იმედი მაქვს, ძალიან დროულად შევძლებთ შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებას, ძალისხმევას არ დავიშურებ, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყო
იმედი მაქვს, რომ ძალიან დროულად შევძლებთ შეთანხმების ყველა პუნქტის შესრულებას. მეც, ჩემი მხრივ, არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყო, – ამის შესახებ პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ განაცხადა.
„ამნისტიის დეტალებზე არ ვისაუბრებ. იქაც არიან წარმოდგენილი შესაბამისი პარტიის წარმომადგენლები, მათ შორის „ქართული ოცნებიდან“, რომლებიც, საკმაოდ აქტიურად აკეთებდნენ კომენტარებს ამ კანონპროექტთან დაკავშირებით. ფაქტი არის ერთი, რომ ეს შეთანხმება, რომელსაც ხელი მოეწერა, აუცილებელია, რომ შესრულდეს. ეს არ არის მხოლოდ მმართველი გუნდის, არამედ მმართველი გუნდის და ოპოზიციის ერთობლივი პასუხისმგებლობა. იმედი მაქვს, რომ ჩვენ ძალიან დროულად შევძლებთ ყველა ამ პუნქტის შესრულებას. მეც, ჩემი მხრივ, არ დავიშურებ ძალისხმევას, რომ ამ პროცესს ხელი შევუწყო“, – განაცხადა კუჭავამ.
ამასთან, კახა კუჭავას განცხადებით, მისი საქმიანობიდან გამოჩნდება, რამდენად ნეიტრალური სპიკერი იქნება.
„კარგად ხედავდით მოლაპარაკების პროცესს, ვინ წარმოადგენდა „ქართულ ოცნებას“. იყო საკმაოდ მწვავე დებატები, განხილვები საკითხებთან დაკავშირებით, შემდეგ კეთდებოდა განცხადებები და ეს მხარეები იყვნენ ჩართულები, რომ შეთანხმება ყოფილიყო. მე არ ვიყავი ამ პროცესში ჩართული. კითხვა, თუ რამდენად ნეიტრალური ვიქნები, ამას გვაჩვენებს საქმე და თქვენ თვითონ შეაფასებთ, რამდენად შევძლებ ამ როლის მორგებას, რომ ვიყო ნეიტრალური და შევძლო ბალანსის დაცვა ოპოზიციასა და მმართველ გუნდს შორის“, – განაცხადა კუჭავამ.