პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ფრაქციას „ლელო – პარტნიორობა საქართველოსთვის“ ხვდება.
როგორც კუჭავამ შეხვედრის დაწყებამდე ჟურნალისტებს განუცხადა, საუბარი მიმდინარე აქტუალურ საკითხებს შეეხება.
პარლამენტის თავმჯდომარე სხვა ოპოზიციური პარტიების წარმომადგენლებთანაც გეგმავს შეხვედრას.
„დავარქვათ, რომ გაცნობითი სახის შეხვედრაა, რადგან ზოგს ვიცნობ, ზოგს არ ვიცნობ. მაქვს სურვილი, არა მხოლოდ „ლელოს“, არამედ ყველა ოპოზიციური პარტიის წარმომადგენელს შევხვდე. რაც ყველაზე მთავარია, განსაკუთრებით მათთვის, ვინც პირველად არიან პარლამენტის წევრები, თუ რამე დახმარება სჭირდებათ, ტექნიკური იქნება თუ სხვა სახის, ჩემი მხრიდან მაქსიმალურად იყოს მხარდაჭერა. ამიტომ არა მხოლოდ „ლელოსთან“, არამედ სხვა პარტიებთანაც ვაპირებ შეხვედრას. ყველა საკითხზე ვისაუბრებ, რაც მათთვის აქტუალურია. ყველაფერზე ვისაუბრებთ, რაც დღის წესრიგში დგას და ყველასთვის საინტერესოა“, – განაცხადა კუჭავამ.
დავით უსუფაშვილის განცხადებით, შეხვედრაზე საუბარი უპირველესად შეეხება შარლ მიშელის დოკუმენტში გაწერილი პუნქტების შესრულებას და მოსალოდნელი საფრთხეების თავიდან აცილებას.
„გუშინ პარლამენტის თავმჯდომარეს განცხადებით მივმართეთ ახალი ფრაქციის დარეგისტრირების თაობაზე. ამის შემდეგ მან გამოთქვა ჩვენთან შეხვედრის სურვილი. ჩვენი მხრიდან საუბარი შეეხება მიშელის შეთანხმებით გათვალისწინებული საკითხების დროულ და ხარისხიან შესრულებას. საკითხების ნაწილის შესრულება დაწყებულია, საარჩევნო კოდექსთან დაკავშირებულ თემებზე იყო სამუშაო ჯგუფის რეჟიმში გადასვლა. ჩვენ გვექნება მზაობა, ამ შეთანხმების სულისკვეთებით რაც შეიძლება სწრაფად და ხარისხიანად მივიღოთ გადაწყვეტილებები. ცხადია, პარლამენტის თავმჯდომარის მონაწილეობა ამ პროცესში უკიდურესად მნიშვნელოვანია. გასათვალისწინებელია, რომ ბატონი სპიკერი ამ მოლაპარაკებებში თავად ჩართული არ იყო. ამიტომ ჩვენი სურვილია, რომ ის იყო სრულად ინფორმირებული ყველაფერზე, რაც იმ შეთანხმების დროს ხდებოდა.
შეთანხმების შესრულების თვალსაზრისით საფრთხეები უნდა ავიცილოთ თავიდან. შეთანხმებამდე მისვლა იყო ძალიან რთული, მისი შესრულებაც არ იქნება მარტივი, მაგრამ ეს რთული გზა უნდა გავიაროთ ქვეყნის სასიკეთოდ“, – განაცხადა უსუფაშვილმა.
პარტიამ „ლელო საქართველოსთვის“ პარლამენტში ფრაქცია შექმნა. „ლელოს“ პარლამენტში ოთხი მანდატი აქვს და მათ ფრაქციას შეუერთდნენ სალომე სამადაშვილი, არმაზ ახვლედიანი და შალვა შავგულიძე.