კახა კუჭავა - ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე კიდევ ერთხელ მოვუწოდებთ რუსეთს, შეასრულოს ვალდებულებები და აღასრულოს სასამართლოს გადაწყვეტილებები
ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში რუსეთის დელეგაციისთვის უფლებამოსილების ცნობასთან დაკავშირებით ერთი წლის თავზე კვლავ ხდება საკითხის დაყენება, – ამის შესახებ ევროპის საბჭოს საპარლამენტო ასამბლეაში საქართველოს დელეგაციის წარმომადგენელმა, კახა კუჭავამ განაცხადა.
„ჩვენი მეგობარი ქვეყნების წარმომადგენლებთან, დეპუტატების გარკვეულ ჯგუფებთან ერთად, ჩვენ ვაპირებთ კითხვის ნიშნის ქვეშ დავაყენოთ მათი უფლებამოსილების საკითხი. რაც ყველაზე მთავარია, ჩვენ გვაქვს ძალიან ძლიერი არგუმენტები, მათ შორის, არა მხოლოდ ოკუპირებული ტერიტორიები, არამედ ადამიანის უფლებათა დარღვევები, რომელსაც ადგილი აქვს, ადამიანის უფლებათა სასამართლოს გადაწყვეტილებების აღსრულება, რომელთა ძვრა ჯერჯერობით არ არის“, – განაცხადა კახა კუჭავამ.
მისი თქმით, ეს ის საკითხებია, რომელთა შესახებაც საქართველოს პარლამენტის დელეგაცია აპირებს, რუსეთს კიდევ ერთხელ შეახსენოს და ევროსაბჭოს საპარლამენტო ასამბლეაზე მოუწოდებს მათ, შეასრულონ ვალდებულებები – აღასრულონ სასამართლოს გადაწყვეტილებები.