საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ, ვენაში ვიზიტის ფარგლებში, ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა გამართა.
კახა კუჭავამ მარგარეტ სედერფელტს ქვეყანაში არსებულ ვითარებაზე, განხორციელებულ და დაგეგმილ რეფორმებზე ინფორმაცია მიაწოდა.
ამასთან, საუბარი იყო ოკუპირებულ ტერიტორიებზე არსებულ ვითარებასა და მოახლოებულ არჩევნებზე.
„ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეის პრეზიდენტთან შეხვედრა ძალიან კარგად, ძალიან თბილად წარიმართა. ერთ-ერთი მთავარი საკითხი, რაზეც ვისაუბრეთ, ეს არის ოკუპირებული ტერიტორიები, მდგომარეობა, რომელიც ყოველდღიურად წარმოადგენს თითოეული იქ მცხოვრებისთვის საკმაოდ დიდ გამოწვევას. რა თქმა უნდა, გვაქვს და გვექნება მხარდაჭერა საერთაშორისო საზოგადოებისგან და ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეისგან. პრეზიდენტი, რომელიც სულ რამდენიმე თვის წინ იქნა არჩეული ჩვენი მეგობარია და ვისაუბრეთ იმ სხვადასხვა მიმდინარე საკითხზეც, რომლებიც მნიშვნელოვანია ჩვენი თანამშრომლობისთვის. ეს ეხებოდა არა მხოლოდ რეფორმებს და ურთიერთობის კიდევ უფრო გაძლიერების გეგმებს, ასევე არჩევნებსაც, რომელსაც ჩვენ ოქტომბერში ჩავატარებთ. მათთვის საინტერესო იყო, მოესმინათ რეკომენდაციების შესრულების პროგრესი, რომელიც ჩვენ უკვე ავსახეთ საარჩევნო კოდექსში და მათი მხრიდანაც იყო საკმაოდ პოზიტიური სიგნალი იმ კუთხით, რომ ამას მხარი დაუჭირა არა მხოლოდ მმართველმა პარტიამ, არამედ შემუშავებული იქნა ასევე ოპოზიციური პარტიების მხარდაჭერითაც, რაც მათთვის ძალიან მნიშვნელოვანია. ჩვენ დარწმუნებული ვართ, რომ ახალი პრეზიდენტის მეთაურობით და ჩვენი დელეგაციის მონაწილეობით ეუთო-ს საპარლამენტო ასამბლეაში ურთიერთობა კიდევ უფრო აქტიური იქნება და კიდევ უფრო მეტ და ამბიციურ შედეგებზე იქნება გათვლილი”, – განაცხადა კუჭავამ.