საქართველოს პარლამენტის თავმჯდომარე კახა კუჭავა ეუთო-ს გენერალურ მდივანს, ჰელგა შმიდს შეხვდა.
პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციით, შეხვედრაზე ჟენევის საერთაშორისო მოლაპარაკებების მნიშვნელობასა და ეუთო-ს, როგორც მოლაპარაკებების ერთ-ერთი თანათავმჯდომარის როლზე ისაუბრეს.
„საუბარი შეეხო საქართველოს ოკუპირებულ ტერიტორიებზე შექმნილ მძიმე ჰუმანიტარულ ვითარებასა და რუსეთის ფედერაციის ქმედებებს. ყურადღება გამახვილდა საქართველოს მოქალაქის, ზაზა გახელაძის უკანონო პატიმრობაზე. კახა კუჭავას განცხადებით, საქართველოს ხელისუფლება ყველა ბერკეტს გამოიყენებს იმისათვის, რომ ზაზა გახელაძე უმოკლეს დროში გათავისუფლდეს“, – აღნიშნულია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.
მათივე ცნობით, მხარეებმა რეგიონში არსებული მდგომარეობა განიხილეს და იმ მნიშვნელოვან როლს გაუსვეს ხაზი, რომელსაც საქართველო რეგიონში მშვიდობისა და სტაბილურობის დამყარებაში ასრულებს.
„შეხვედრაზე, ასევე, მოახლოებულ ადგილობრივი თვითმმართველობის არჩევნებზე ისაუბრეს. პარლამენტის თავმჯდომარემ ხაზგასმით აღნიშნა ეუთო/ოდირის დამკვირვებლების საქმიანობის მნიშვნელობა“, – ნათქვამია საქართველოს პარლამენტის პრესსამსახურის ინფორმაციაში.