კახა კუჭავა - ერთდღიან სპეკულაციას წერტილი დაესვა, კონგრესმენების ანგარიშის რეალური მიზანი აშშ-საქართველოს უპრეცედენტოდ მაღალი სტრატეგიული ურთიერთობაა
პარლამენტის ვიცე-სპიკერის, კახა კუჭავას განცხადებით, 13 კონგრესმენის ხელმოწერით გამოქვეყნებულ დოკუმენტში ბიძინა ივანიშვილის თაობაზე გაკეთებული ჩანაწერი აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო მთლიანი კონტექსტიდან და ივარაუდეს კიდეც, რომ მას სხვა საფუძველი შეიძლება ჰქონოდა.
მისივე თქმით, დღეს 13 კონგრესმენიდან ერთ-ერთის განცხადება მოისმინეს, სადაც ამბობს, რომ რომ ის ჩართული იყო მხოლოდ დოკუმენტის მიღების სტრატეგიულ ნაწილში და არ აქვს ინფორმაცია ამ ერთ კონკრეტულ წინადადებასთან დაკავშირებით.
„ჩვენ კარგად გვახსოვს კონგრესმენების ანგარიშის ერთი კონკრეტული ჩანაწერი, რომელმაც რამდენიმე დღის წინ ცნობილი აჟიოტაჟი გამოიწვია. ჩვენ განვაცხადეთ, რომ ის პათოსი, რომელსაც მთლიანად ეს დოკუმენტი მოიცავდა, თუ რამდენად მყარი და სტრატეგიულია პარტნიორობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებულ შტატებს შორის, ამასთან მიმართებაში ის ერთი წინადადება აბსოლუტურად ამოვარდნილი იყო მთლიანი კონტექსტიდან. ჩვენ ვარაუდი გვქონდა, რომ ამას შეიძლება სხვა საფუძველი და სხვა გზები ჰქონოდა. ჩვენ დღეს მოვისმინეთ იმ 13 კონგრესმენიდან ერთ-ერთის განცხადება, რომ ის ჩართული იყო მხოლოდ დოკუმენტის მიღების სტრატეგიულ ნაწილში და არ აქვს ინფორმაცია ამ ერთ კონკრეტულ წინადადებასთან დაკავშირებით.
რაც ყველაზე მთავარია, მან კიდევ ერთხელ გაიმეორა, რამდენად მნიშვნელოვანია და სტრატეგიულია საქართველოსთან (ასევე, უკრაინაც არის ნახსენები) თანამშრომლობა. მოიხსენიებს მათ დასავლეთის გუნდის შემადგენელ ნაწილად და იმედოვნებს, რომ ეს ურთიერთობები კიდევ უფრო გაღრმავდება.
ამიტომ სპეკულაციას, რომელიც ფაქტობრივად, ერთდღიანი იყო, უკვე წერტილი დაესვა. დოკუმენტის რეალური მიზანი ჩანს კიდეც და ეს არის უპრეცედენტოდ მაღალ ნიშნულზე არსებული სტრატეგიული ურთიერთობა საქართველოსა და ამერიკის შეერთებული შტატებს შორის, რომელიც არაერთხელ გაგვიგია ოფიციალური ვაშინგტონისგან, საქართველოში ამერიკის ელჩისგან“,- აღნიშნა კახა კუჭავამ.
კონგრესმენ დონ ბეიკონის განცხადებით, კვლევითი კომიტეტის ანგარიშის ის ნაწილი, რომელიც ბიძინა ივანიშვილს ეხება, მას არ დაუწერია და ტექნიკური ექსპერტები ჰყავდათ აყვანილი.
საუბარია აშშ-ის რესპუბლიკელთა კვლევითი კომიტეტის მიერ გამოქვეყნებულ ანგარიშზე, რომელსაც კონგრესმენი ბეიკონი თავადაც აწერს ხელს.