კახა კუჭავა - ძალიან მიხარია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ვიხილე პარლამენტში, ვისურვებდი, აქტიურად ჩაერთონ საკანონმდებლო საქმიანობაში
კახა კუჭავა - ძალიან მიხარია, რომ ოპოზიციის წარმომადგენლები ვიხილე პარლამენტში, ვისურვებდი, აქტიურად ჩაერთონ საკანონმდებლო საქმიანობაში

აქ არავინ არავის ავალდებულებს, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს ან რომელიმე კანდიდატს მხარი დაუჭიროს, – ასე უპასუხა პარლამენტის თავმჯდომარემ, კახა კუჭავამ ჟურნალისტების კითხვას იმის თაობაზე, რომ ოპოზიციამ მის პარლამენტის სპიკერად არჩევას მხარი არ დაუჭირა.

კუჭავას თქმით, ეს მათი უფლებაა და არავინ არავის არაფერს ავალდებულებს.

„მათი არჩევანია. აქ არავინ არავის ავალდებულებს, კენჭისყრაში მონაწილეობა მიიღოს ან კონკრეტულად რომელიმე კანდიდატს ან კანონპროექტს მხარი დაუჭიროს. ეს მათი უფლებაა. მე ძალიან მიხარია, რომ ისინი ვიხილე პარლამენტში. შეთანხმების ეს ნაწილი უკვე შესრულდა და ვისურვებდი, რომ ისინი აქტიურად ჩაერთონ საკანონმდებლო საქმიანობაში. ეს არ არის მხოლოდ განცხადებების კეთება. არის ძალიან ბევრი მნიშვნელოვანი საკითხი, კანონპროექტი, პოლიტიკური დოკუმენტი, რომელზეც უნდა ვიმუშაოთ, მივიღოთ გადაწყვეტილებები და მათი ჩართულობა ამ პროცესში არის ყველაზე მნიშვნელოვანი, რასაც მე ველოდები. კონსტრუქციული კრიტიკა არის აუცილებელი, თუ გვინდა კარგი შედეგის მიღება“, – განაცხადა კახა კუჭავამ.