კახა კუჭავა - ცხოველთა უფლებების დაცვის კანონპროექტის წარდგენა და დამტკიცება უახლოეს მომავალში მოხდება
საქართველოს პარლამენტის გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარე კახა კუჭავა თბილისის მერის განცხადებას გამოეხმაურა, რომელიც ცხოველთა მიმართ სასტიკი მოპყრობისთვის სანქციების გამკაცრებას გულისხმობს.
„მივესალმები თბილისის მერის განცხადებას კომპანიონ ცხოველთა უფლებების დაცვასთან დაკავშირებით, რადგან ეს პრობლემა ბოლო წლების განმავლობაში საკმაოდ აქტუალურია და საზოგადოების დიდ ინტერესს იწვევს. პარლამენტმა და თბილისის მერიამ, არასამთავრობო ორგანიზაციების ჩართულობით, სამუშაო ჯგუფის ფარგლებში დავასრულეთ მუშაობა, რომლის შედეგად, შემუშავებულია კანონპროექტი კომპანიონი ცხოველების უფლებების დაცვის შესახებ. ძალიან ახლო მომავალში წარდგენილი იქნება როგორც საკანონმდებლო ინიციატივა და მოხდება ამ კანონის ძალაში შესვლა“ – განაცხადა კახა კუჭავამ.
თბილისის მერმა, კახა კალაძემ დედაქალაქის მთავრობის დღევანდელ სხდომაზე განაცხადა, რომ ცხოველთა მიმართ სასტიკ მოპყრობაზე სანქციები გამკაცრდება, არასრულწლოვანის მიერ ჩადენილ მსგავს ქმედებაზე კი, პასუხისმგებლობა მშობელს დაეკისრება.